საქართველოს ნაკრების 18-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადება დაიწყო. პირველ ეტაპზე ერთკვირიანი შესარჩევი ვარჯიშები გაიმართა თბილისში, რომლის შედეგად ის 18 მოთამაშე შეირჩა, რომლითაც ჩვენი ნაკრები იტალიის ქალაქ ტრევიზოში, გენერალურ შეკრებაზე გაემგზავრება.
4 კალათბურთელი, რომლებიც ეროვნულ გუნდს იტალიაში, გენერალურ შეკრებაზე შეუერთდებიან, ესენი არიან ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, ნატურალიზებული წევრი, თად მაკფადენი და ამერიკაში მყოფი სანდრო მამუკელაშვილი და გოგა ბითაძე.
5-დან 12 ივლისამდე ვარჯიშები დიღმის არენაზე იმართება, რომლებსაც ძირითადად სასელექციო სახე აქვს და მას ეროვნული ნაკრების სტაჟიანი მოთამაშეები თავისუფალი გრაფიკით, ფორმის აღსადგენად ესწრებიან.
საქართველოს ნაკრების გენერალური შეკრება ტრევიზოში, 21 ივლისს დაიწყება, სადაც ჩვენი გუნდი 10 დღე ინტენსიურად ივარჯიშებს. იტალიაში ნაკრები 18 კალათბურთელით იქნება, საიდანაც საბოლოოდ ის 12 მოთამაშე შეირჩევა, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე, იაპონიაში გასამგზავრებელ შემადგენლობაში მოხვდებიან.
საართველოს ნაკრების ხელმძღვანელობას შემუშავებული აქვს მოსამზადებელი გეგმა, რომელიც 7 ამხანაგურ მატჩს მოიცავს. იტალიაში, კემპის დასრულების შემდეგ ილიას ზუროსის გაწვრთნილი ნაკრები პირველ მატჩს ტრევიზოშივე, ეგვიპტის ეროვნულ გნდთან გამართავს, რის შემდეგაც ლიეტვუვაში, შემდეგ კი ლატვიაში გაემგზავრება და ამ ქვეყნების ნაკრებებთან შესაბამისად – 1 და 5 აგვისტოს ითამაშებს.
12-13 აგვისტოს თბილისში საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გაიმართება, რომელშიც საქართველოსთან ერთად მონტენეგრო, იორდანია და ირანი ითამაშებენ. 12-ში ნახევარფინალები: საქართველო – იორდანია და მონტენეგრო – ირანი გაიმართება, ხოლო 13 აგვისტოს ფინალი და მატჩი მესამე ადგილისთვის. ტურნირის დასრულებიდან მეორე დღეს, საქართველო ირანთან დახურული ტიპის სპარინგ-მატჩს გამართავს, რომელსაც მაურებლები არ დაესწრებიან და ტელევიზიითაც არ გადაიცემა.
17 აგვისტოს საქართველოს ეროვნული ნაკრები 12 კალათბურთელით იაპონიის კუნძულ ონიკავაზე გაემგზავრება.