Belive

სანდრო მამუკელაშვილი: ,,როცა 24 ქულა მქონდა, გავიფიქრე - ძალიან ახლოს ვარ, გთხოვ, არ შემცვალო''

1 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

,,სან ანტონიო სპურსის'' ფორვარდმა, სანდრო მამუკელაშვილმა, კარიერის საუკეთესო მატჩის შემდეგ, რომელშიც არაერთი რეკორდი დაამყარა, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

,,ეს ყველაფერი ჩემი ოჯახისთვის გავაკეთე, ყველასთვის ვინც მგულშემატკივრობს! სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რას ვგრძნობ ახლა, სიზმარში ვარ... განსაკუთრებული საღამო იყო. მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, მწვრთნელსა და მთელ გუნდს.

ამ დღეს დიდ ხანს ველოდი, ამისთვის ვლოცულობდი... რაღაც მომენტში გავიფიქრე: ,,ეს მართლა ხდება?'' მთავარია, საკუთარი თავის რწმენა გქონდეს. ეს არის ის, რაც დღეს ვისწავლე.

ვცდილობ, რომ უკეთესი გავხდე და თავი დავიმკვიდრო. მინდა, ყველას ვაჩვენო, რა შემიძლია. უბრალოდ, საკუთარი საქმის კეთებას გავაგრძელებ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემ უკან გულშემატკივართა მთელი გუნდია: ჩემი გოგონა, მეგობრები, ოჯახი, თანაგუნდელები...

აქამდე ჩემი პირადი რეკორდი 28 ქულა იყო, დღეს კი, როცა 24 ქულა მქონდა, გავიფიქრე: ,,ძალიან ახლოს ვარ, გთხოვ, არ შემცვალო...''

ჩემი თანაგუნდელები ყველაზე კარგად მიცნობენ, იციან, რას წარმოვადგენ და როგორ ვმუშაობ. ისინი ყოველთვის ჩემ გვერდით არიან და მათი მადლობელი ვარ. როგორც უკვე აღვნიშნე, მათ ჩემი სჯერათ.'' - სანდრო მამუკელაშვილი

სანდრო მამუკელაშვილს NBA-ში ისტორიული მატჩი ჰქონდა. ,,სან ანტონიოს'' ქართველმა ფორვარდმა ,,ნიუ იორკთან'' მოგებულ შეხვედრაში 34 ქულა მოაგროვა, რაც ქართველებს შორის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში ყველა დროის საუკეთესო შედეგია. სანდრომ 7-დან 7 სამქულიანი ჩააგდო, რაც ქართველებს შორის ასევე რეკორდია. შეხვედრის MVP სწორედ მამუკელაშვილი გახდა, მასზე მეტი ქულა მატჩში არავის ჰქონია.

NBA-ის ისტორიაში აქამდე სულ 3 შემთხვევა იყო, როცა მოთამაშემ 20 წუთზე ნაკლები ითამაშა და 30+ ქულა მოაგროვა:

  • ჯეილენ ბრაუნი - 33 ქულა

  • კევინ ლავი - 32 ქულა

  • კევინ დურანტი - 30 ქულა

შესაბამისად, სანდროს კიდევ ერთი ახალი რეკორდი ეკუთვნის - მას, NBA-ის ისტორიაში, 20 წუთზე ნაკლებ დროში, ყველაზე მეტი ქულა აქვს მოგროვებული.

სხვა სტატიები