Belive

ფიბამ სანაძისა და კორკმაზის ინციდენტზე დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყო

1 წლის წინ კალათბურთი
1 წთ

ფიბამ ოფიციალურად განაცხადა, რომ თბილისში, საქართველოსა და თურქეთის მატჩის დროს, სანაძისა და კორკმაზს შორის მომხდარი ინციდენტი გამოიძია.

სანქციები, სანაძისა და კორკმაზის გარდა, შესაძლებელია, გოგა ბითაძეს, თორნიკე შენგელიასა და ორივე ქვეყნის კალათბურთის ფედერაციებს შეეხოს.

ორგანიზაციის ცნობით, ორივე მხარე ადასტურებს, რომ კონფლიქტს გასახდელშიც ჰქონდა ადგილი და ამის ვიდეომტკიცებულებაც არსებობს.

,,ფიბამ ინციდენტის გამოძიება 2022 წლის 5 სექტემბერს დაიწყო. საქმის მასალების, მათ შორის ვიდეომტკიცებულებების, გულდასმით განხილვის შემდეგ, ფიბამ არასპორტული ქცევის გამო, დისციპლინური სამართალწარმოება გოგა ბითაძის, დუდა სანაძის, თორნიკე შენგელიას, ფურკან კორკმაზისა და ორივე ქვეყნის კალათბურთის ფედერაციების მიმართ დაიწყო,'' - წერია ფიბას განცხადებაში.

ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა თურქეთს 88:83 მოუგო. მატჩის დროს ერთმანეთს დუდა სანაძე და ფურკან კორკმაზი დაუპირისპირდნენ, რის გამოც მსაჯმა ორივე მათგანი გააძევა. როგორც თურქული მხარე ამტკიცებდა, მხარეებს შორის კონფლიქტი გასახდელშიც გაგრძელდა და კორკმაზს თავს სამი ქართველი კალათბურთელი დაესხა.

სხვა სტატიები