Belive

პარტიზანისა და ცრვენა ზვეზდას მატჩი არეულობის გამო შეწყდა - ჩემპიონი ცრვენა ზვეზდა გახდა

4 თვის წინ კალათბურთი
1 წთ

სერბეთის საკალათბურთო ლიგის 2023-2024 წლების სეზონი სკანდალურად დასრულდა.

ფინალურ სერიაში ერთმანეთს ,,ცრვენა ზვეზდა'' და ,,პარტიზანი'' დაუპირისპირდნენ. პირველი შეხვედრა ,,ცრვენა ზვეზდას'' გამარჯვებით, ანგარიშით 89:88 დასრულდა.

გუშინ კი, სერიის მეორე მატჩი, დარბაზში შექმნილი არეულობის გამო, მე-3 მეოთხედში შეწყდა, როცა ,,პარტიზანი'' მეტოქეს 12 ქულით, ანგარიშით 57:45-ს ამარცხებდა და გათანაბრებასთან ახლოს იყო.

მსაჯების გადაწყვეტილებით, შეხვედრა არ გაგრძელდა, ,,ცრვენა ზვეზდას'' ტექნიკური მოგება - 20:0 ჩაეთვალა და ქვეყნის ჩემპიონი გახდა (სერია ორ გამარჯვებამდე იყო).

ოფიციალური პირების ასეთი მკაცრი გადაწყვეტილების მიზეზი ,,პარტიზანის'' გულშემატკივრების მხრიდან ,,ცრვენა ზვეზდას'' პრეზიდენტის, ნებოიშა ჩოვიჩის ოჯახის მიმართ შეურაცხმყოფელი სკანდირება იყო, რასაც შემდეგ დაძაბულობა და პარკეტზე სხვადასხვა საგნის სროლა მოჰყვა.

,,სერბეთის სუპერლიგის ფინალური სერიის მე-2 მატჩი მე-3 მეოთხედში შეწყდა, როცა პარტიზანი 12 ქულით იგებდა. ჩვენი კალათბურთის ისტორიაში მატჩი სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო პირველად შეწყვიტეს. პაუზის დროს, მეტოქე გუნდის მოთამაშეები გასახდელში გავიდნენ. შეურაცხყოფა მწვრთნელსა და კალათბურთელებსაც მიაყენეს, თუმცა მატჩი წამითაც კი არ გაჩერებულა. პარტიზანი ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგია და ამას ყოველდღიურად ვიმეორებთ.

პარტიზანის მოთამაშეები დიდ ხანს ელოდნენ, რომ მსაჯები მატჩის შეწყვეტისა და 24 საათის შემდეგ გაგრძელების გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ამის შემდეგ, გასახდელში ჩვენი გუნდიც გავიდა. როცა 1 საათის შემდეგ, მსაჯები და მეტოქე გუნდი პარკეტზე დაბრუნდნენ, პარტიზანის კალათბურთელები უკვე სახლში იყვნენ.

მსაჯებმა და დელეგატებმა ამ გზით ცრვენა ზვეზდას ჩემპიონის ტიტული მიანიჭეს. ჩვენ კი მსგავს სკანდალში მონაწილეობა არ გვსურს.'' - წერია პარტიზანის განცხადებაში

,,პარტიზანის'' განცხადებას უპასუხა ,,ცრვენა ზვეზდამ'', რომელმაც მეტოქე სიცრუეში დაადანაშაულა. მათი განცხადების მიხედვით, შეხვედრა გუშინვე უნდა გაგრძელებულიყო და არა მეორე დღეს. გარდა ამისა, ხაზგასმულია, რომ მათი კლუბის პრეზიდენტისა და ოჯახის წევრების, მათ შორის არასრულწლოვნების, მიმართ შეურაცხყოფა წლებია გრძელდება.

განცხადების ბოლოს გუნდმა საკუთარ ქომაგებს სერბეთის ჩემპიონობა მიულოცა, რაც ,,ცრვენა ზვეზდასთვის'' ზედიზედ მე-9 ტიტულია.