ევროლიგის ტურის MVP | შენგელია ძველ დიდებას იბრუნებს
ევროლიგის მე-8 ტურის შეხვედრაში, პარტიზანისა და ბარსელონას დაპირისპირება გაიმართა, რომელიც მასპინძლების მარცხით, 76:78 დასრულდა.
მატჩში ყველაზე მეტი ქულა თორნიკე შენგელიამ დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 29:45 წუთში 24 ქულა (5-დან 4 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 12-დან 10 საჯარიმო), 5 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა გაიფორმა.
აღსანიშნავია, რომ პარტიზანთან ფენომენალური თამაშით, შენგელიამ რეკორდი დაამყარა - ქართველი ვარსკვლავის მარგი ქმედების კოეფიციენტი 42-ს გაუტოლდა, ამ მაჩვენებლით ევროლიგაში 13-წლიანი ასპარეზობის მანძილზე პირადი რეკორდი დაამყარა. ასევე, თოკო მატჩის MVP გახდა და უკვე მოგვიანებით, ევროლიგის ტურის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
თორნიკე შენგელიამ ევროლიგის ტურის MVP-ის ტიტული კარიერაში მეცხრედ, ხოლო ბოლო 2 წლის განმავლობაში პირველად მოიპოვა.
The MVP of Round 8 honors go to @TokoShengelia23 👏
— EuroLeague (@EuroLeague) November 1, 2025
A huge performance in the win against Partizan last night! 💪
MVP of the Round I #EveryGameMatters pic.twitter.com/7B8MAVCJI0
ბარსელონას ევროლიგის მიმდინარე სეზონში 5 მოგება და 3 მარცხი აქვს. კატალონიელები ამ შედეგით მე-8 ადგილზე იმყოფებიან.
ბარსელონა მომდევნო შეხვედრას ესპანეთის ჩემპიონატის (ACB) ეგიდით მურსიას წინააღმდეგ ჩაატარებს.