ორლანდომ მაიამისთან წააგო - ბითაძე ზედიზედ 20 მატჩის შემდეგ ძირითად ხუთეულში პირველად ვერ მოხვდა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ორლანდო მეჯიქმა'' ,,მაიამი ჰიტს'' უმასპინძლა და 9-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 106:115 დამარცხდა. შედეგად, საკუთარ არენაზე ფლორიდელთა 9-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
დღეს ,,ორლანდოს'' ძირითად შემადგენლობას გუნდის ცენტრი - ვენდელ კარტერი დაუბრუნდა, რომელსაც თითის მოტეხილობის გამო, 3 ნოემბრის შემდეგ არ ჰქონდა ნათამაშები. სწორედ ამიტომ, გოგა ბითაძე ზედიზედ 20 შეხვედრის შემდეგ, სასტარტო ხუთეულში პირველად ვერ მოხვდა.
ქართველმა ცენტრმა ,,მაიამისთან'' 12 წუთი ითამაშა, რა დროშიც 4 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა. გოგამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი და საჯარიმო კი არ უსვრია.
ახლად დაბრუნებულმა კარტერმა პარკეტზე 23 წუთი გაატარა და 8 ქულას, 6 მოხსნასა და 1 ასისტს მოუყარა თავი.
,,ორლანდო მეჯიქი'' 16 მოგებითა და 10 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-4 პოზიციაზეა. ბითაძის გუნდი მომავალ შეხვედრას ხვალ, 22 დეკემბერს, ,,მილუოკი ბაქსის'' წინააღმდეგ გამართავს.
fought 'til the end. pic.twitter.com/VexaqTKxvy
— Orlando Magic (@OrlandoMagic) December 21, 2023