Belive

"ნებისმიერ ეპიზოდში ყოველთვის ვენდობი საკუთარ თავს" - სანდრო მამუკელაშვილი

2 დღის წინ კალათბურთი
1 წთ

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში ტორონტო რეპტორსმა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 110:98 დაამარცხა.

სანდრო მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. ქართველმა კალათბურთელმა შეხვედრა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო და 34:51 წუთი ითამაშა, მან ამ დროში 22 ქულა (9-დან 6 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 6 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

მატჩის შემდეგ ქართველმა კალათბურთელმა მედიასთან ისაუბრა:

ჩვენ ყველას ყოველთვის ერთი მიზანი გვამოძრავებს. მთავარია ვითამაშეთ ჩვენი თამაში და მწვრთნელის მითითებები კარგად შევასრულეთ და ამან საბოლოოდ შედეგიც გამოიღო. კიდევ მთავარი რაც არის, სკოტი დაცვაში ძალიან მაგრად თამაშობს, ჩემთვის ის მიმდინარე სეზონში საუკეთესოა. როგორც გუნდურად, ასევე ინდივიდუალურად შესანიშნავად ვითამაშეთ და რაც მთავარია თითოეულ ეპიზოდში ერთმანეთს ვეხმარებოდით.

ჩემი სროლების დროს ძალიან თავდაჯერებული ვარ და ნებისმიერ ეპიზოდში ყოველთვის ვენდობი საკუთარ თავს. თანაგუნდელები ყოველთვის მეხმარებიან უკეთ თამაშში და კარგ სასროლ პოზიციებს მიქმნიან. რთული თამაში იყო, მაგრამ მოგება გვინდოდა, გუნდურად კი ჩვენ ეს შევძელით, თავი ყველაფერს კარგად გავართვით. - სანდრო მამუკელაშვილი

სანდროს ბოლო 4 მატჩში შესანიშნავი მაჩვენებელი უფიქსირდება:

  • 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 ასისტი, 1 ჩაჭრა, 1 დაფარება - ლოს ანჯელეს ლეიკერსთან

  • 14 ქულა, 12 მოხსნა, 4 ასისტი, 2 ჩაჭრა, 1 დაფარება - გოლდენ სტეიტ უორიორსთან

  • 22 ქულა, 9 მოხსნა, 4 ასისტი, 1 ჩაჭრა - საკრამენტო კინგსთან

  • 22 ქულა, 6 მოხსნა 4 ასისტი, 1 ჩაჭრა - პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსთან

ტორონტო რეპტორსი 28 მოგებით და 19 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიციაზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი 26 იანვარს, ოკლაჰომა სითი თანდერის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები