Belive

NBA-ში ეპოქალური ტალანტის მქონე ახალგაზრდა მოდის

3 წლის წინ კალათბურთი
4 წთ
NBA-ში ახალი და კიდევ უფრო გაუმჯობესებული კევინ დურანტი მოდის. 16 წლის ბიჭი, რომელსაც ანალიტიკოსები ახლავე უწინასწარმეტყველებენ ეპოქალურ მომავალს. სახელი - ემონი ბეითსი (Emoni Bates) პოზიცია - SF/PF ასაკი - 16 წლის სიმაღლე - 206სმ (6.9 ფუტი) წონა - 93კგ Wingspan – 216სმ ( 7.1 ფუტი) გუნდი - Ypsi Prep Academy კოლეჯი - Michigan State University სტატისტიკა - 33.1 ქულა, 9.1 მოხსნა, 2.9 გადაცემა, 2.3 ჩაჭრა. ემონი ბეითსი არის 5 ვარსკვლავიანი რიქრუთი, მაგრამ დიდი კოლეჯები ერიდებოდნენ მისთვის სქოლარშიფის შეთავაზებას, რადგან მიაჩნდათ, რომ NBA დართავდა უფლებას მოთამაშეებს, ჰაისქულიდან პირდაპირ დამდგარიყვნენ დრაფტზე. საბოლოოდ, ბეითსი მიჩიგანის უნივერსიტეტში წავიდა. 99.9%-იანი ალბათობით, One and Done მოთამაშე იქნება და, პირველივე სეზონის შემდეგ, 2022 წლის NBA-ის დრაფტზე დადგება.

2022 წლის დრაფტზე მას უპირობო პირველ პიკად განიხილავენ ახლავე. მსოფლიოს საუკეთესო საკალათბურთო ანალიტიკოსების უმრავლესობა ღიად აცხადებს, რომ, ლებრონ ჯეიმსის შემდეგ, ის არის ყველაზე დიდი ტალანტი, უფრო დიდი, ვიდრე - დუაით ჰოვარდი, კევინ დურანტი, დერიკ როუზი, კაირი ირვინგი ან - ზაიონ უილიამსონი. სიტყვაზე, თუ მას უფლება ექნებოდა და ამ წლის დრაფტზე დადგებოდა, NBA-ში გამოჩნდებოდა არა ერთი გუნდი, რომელიც ამ ბიჭს პირველ პიკად აიყვანდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რამდენად წარმატებულ სეზონს ჩაატარებს კოლეჯში და რამდენად გამოავლენს მენტალიტეტს. თუმცა, წესით, მას, ამ მხრივ, პრობლემა, უბრალოდ, არ ექნება.

მისი სტილი, აღნაგობა, მოძრაობები და სროლის ტექნიკა შეუძლებელია, არ იწვევდეს კევინ დურანტთან ასოციაციას. ძალიან ჰგავს, თითქმის, იდენტურია. მაგრამ, შეგვიძლია, პირდაპირ ვთქვათ, რომ 16 წლის ემონი ბეითსი არის უფრო დიდი ტალანტი, ვიდრე - 16 წლის კევინ დურანტი. ბეითსის ფიზიკური მონაცემები, ამ ასაკში, აღემატება დურანტისას. კეიდიმ კოლეჯური კარიერა დაიწყო იმ მონაცემებით, რაც ახლა აქვს ბეითსს. ამ ბიჭს კი, კიდევ ერთი სეზონი დარჩა უმაღლეს სკოლაში, სანამ იგივე გზას გაივლის. ბეითსი არის ძალიან კარგი მსროლელი, 16 წლის მოთამაშისთვის უჩვეულოდ კარგად იწევა დრიბლინგიდან, მისი სიმაღლისთვის აქვს დაუჯერებლად მაღალი დონის დრიბლინგი და კოორდინაცია, კარგად აკონტროლებს სხეულს და უფრო კარგად იყენებს მას. ვერ იტყვი, რომ სასწაული ათლეტია, არის გამხდარი, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ 16 წლის ბავშვზე ვსაუბრობთ. ამასთანავე, არ არის ცუდი დამცველი და, რაც მთავარია, არ ეზარება დაცვაში ენერგის დახარჯვა. ერთადერთი რამ, რაზეც შეუძლებელია საუბარი, როგორც აღინიშნა, არის მისი მენტალიტეტი და ხასიათი. თუ ეს ყველაფერი მას იმ დონეზე აქვს, რა დონეზეც - სქილები, თავისუფლად უნდა ვთქვათ, რომ მოვლენასთან გვავს საქმე.

ჩათვალეთ, რომ NBA ამ ბიჭის პიარისთვის, უბრალოდ, ყველაფერს გააკეთებს. დღეს ლიგა, ზუსტად, ამას აკეთებს ზაიონ უილიამსონთან მიმართებაშიც, მაგრამ, საქმე ისაა, რომ ზაიონი გარკვეულ ჩარჩოებში ზის და საკმაოდ კომპლექსურია მისი სტილიც და როლიც. ამ მხრივ, ემონი ძალიან კარგ მდგომარეობაში იქნება. იდეაში, პირობითად რომ ვთქვათ, დღევანდელ პუბლიკაში, მოდერნიზებული კევინ დურანტი უფრო გაყიდვადი ,,პროდუქტია" ვიდრე - მოდერნიზებული ჩარლზ ბარკლი. მოკლედ, ჩვენ, 2 წელიწადში, შესაძლოა, საკალათბურთო მინი რევოლუცია ვიხილოთ და ეს არ მოგეჩვენოთ გაზვიადებად, შესაძლოა, ახლა წარმოუდგენლად ჟღერს, მაგრამ ემონი ბეითსის პროგრესი თუ ისეთი ლოგიკით წავიდა, როგორითაც ახლა მიდის, ხსენებული პირობითი სცენარი გარდაუვალიც კი იქნება. ავტორი: პაატა წამალაშვილი

სხვა სტატიები