"მოუთმენლად ველი მომენტს მსოფლიოს ვაჩვენო თუ რა შემიძლია" - სანდრო მამუკელაშვილი
ლოს ანჯელეს ლეიკერსმა სეზონის დაწყებამდე მედია დღე გამართა, სადაც კალათბურთელებმა ისაუბრეს მათ შორის იყო სანდრო მამუკელაშვილი.
ვიცით, რომ საკმაოდ მრავალმხრივი მოთამაშე ხარ, მაგრამ სად ხედავ საკუთარ თავს ყველაზე მეტად ლოს ანჯელეს ლეიკერსში?
ვფიქრობ, გუნდს სწორედ მრავალმხრივობას შევმატებ. მინდა მოედანი გავშალო და დამაკავშირებელი რგოლი ვიყო. მინდა ვიყო მოთამაშე, რომელიც სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, ბიჭებს ენერგიას შევმატებ, დაცვიდან ბურთის ამოტანისას შეტევას უფრო ავაჩქარებ, რათა შეტევაში უფრო ჩქარა გადავიდეთ და ზოგადად სწრაფად ვითამაშოთ, ასევე იმედია კუთხიდან სამქულიანებსაც ჩავაგდებ. - სანდრო მამუკელაშვილი
როგორია შენი გზა NBA-მდე.. აქამდე მოსასვლელად ბევრი შრომა მოგიწია, ასევე ბევრი ბარიერი გადალახე, როგორია ეს დღე შენთვის - როგორც ლეიკერსის ფორმის მორგება. მაგალითად მრავალწლიანი კონრაქტი საბანკო ანგარიშზე გაზრდილი თანხა და მსგავსი რაღაცები...
ამ ყველაფრის მიღება? მართლაც არარეალური შეგრძნებაა. სიმართლე გითხრათ, სიტყვებით ვერ აღვწერ იმას, რასაც ახლა განვიცდი. როგორც აღნიშნეთ, როდესაც ლიგაში 54-ე ნომრად, ორწლიანი ორმხრივი კონტრაქტით მოდიხარ, მუდმივი წნეხის ქვეშ ხარ. გრძნობ, რომ ხშირად ერთი არასწორი ნაბიჯიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ლიგიდან გაგაგდონ.
მეორე წელს გუნდიდან გამათავისუფლეს, თუმცა სან-ანტონიომ შანსი მომცა, მაგრამ ვიბრძოლე და ამ დონემდე მოვედი. დღეს ამ მაისურის მორგება ისეთი რამ იყო, რაზეც მხოლოდ ვოცნებობდი და რასაც ცხოვრებაში მიზნად ვისახავდი. ძალიან აღელვებული ვარ და მოუთმენლად ველოდები მომენტს, როცა მსოფლიოს ვაჩვენებ, თუ რა შემიძლია სინამდვილეში. მინდა ყველამ დაინახოს, რა მონდომებით ვითამაშებ. მადლიერი ვარ ორგანიზაციის, რომ ეს შესაძლებლობა მომცა. მათ ჩემი სჯერათ და რეალური შანსი მომცეს. ყველას დავუმტკიცებ, რომ შემიძლია მოედანზე გასვლა და NBA-ის ნამდვილ მოთამაშედ ჩამოყალიბება. - სანდრო მამუკელაშვილი
როგორ გამოითქმის შენი გვარი?
გასაგებია. ბევრს უჭირს მისი წარმოთქმა და რთულად მიაჩნია, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ის გამოითქმის როგორც „მამუ-კელა“. მოკლედ, თუ ავიღებთ... ვფიქრობ, თითო ჯერზე ორ ასოს უნდა დაუკვირდეთ და ბოლოს ყველაფერი თავისთავად დალაგდება. - სანდრო მამუკელაშვილი
ევროპიდან ხარ და შესაძლებლობა გქონდა, ლუკას სამშობლოში წასულიყავი. როგორი იყო ეს შენთვის და რამდენად ისიამოვნე?
ადრე ვყოფილვარ რობლაში - ეს სლოვენიის მთიანი რეგიონია. დაახლოებით ოთხი წლის წინ იქ ეროვნული ნაკრების შეკრება გვქონდა.
ასე რომ, სლოვენია გარკვეულწილად ნაცნობი იყო ჩემთვის. ვფიქრობ, საოცარი ადგილია. ძალიან მშვიდი და ლამაზი.
ძალიან კარგი ხალხით. მომწონს მათი მდებარეობა — იტალია, შვეიცარია, ყველაფერი ახლოსაა. მართლაც შესანიშნავი ადგილია. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ლუკა და მისი გუნდი ის, თუ როგორ მოაწყვეს ყველაფერი და როგორ განახორციელეს ეს ყველაფერი, დარწმუნებული ვარ, დიდი შრომა დასჭირდათ, რათა ჩვენთვის ყველაფერი ასე მარტივი ყოფილიყო: გადაადგილება, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, დარბაზებით სარგებლობა, მოკლედ, ყველაფერი შესანიშნავი იყო და ძალიან ვისიამოვნე.
ნეტავ, მეტი დროის გატარება შემძლებოდა. ეროვნულ ნაკრებში ვალდებულებების გამო სლოვენიაში მხოლოდ ორი დღით წასვლა შევძელი, თუმცა იქ დარჩენითა და ბიჭებთან ერთად დროის სასიამოვნოდ გატარებით ნამდვილად ვისიამოვნებდი. - სანდრო მამუკელაშვილი
რაც შეეხება სლოვენიის ტურნეს - მიუხედავად იმისა, რომ იქ მთელი პერიოდი არ გაგიტარებიათ, რა გაიგეთ ამ ახალი გუნდის შესახებ? რა შეგიძლიათ გააკეთოთ ერთად იმ მცირე დროში, რომელიც ერთად გაატარეთ?
სლოვენიაში ვიზიტი ხანმოკლე იყო, მაგრამ აქაც განვაგრძობთ მუშაობას. ვთამაშობთ ღია ტიპის მატჩებს და გუნდში ძალიან კარგი, ჯანსაღი კონკურენციაა. ვფიქრობ, ყველას რაღაცის დამტკიცება სურს. ყველა დიდი მოლოდინით ელის სეზონს. ბიჭები ძალიან შრომისმოყვარეები არიან და სწორედ ეს შევამჩნიე აქ მოსვლისას. ყველა ძალიან სერიოზულად უდგება საქმეს, ვარჯიშის შემდეგაც კი რჩებიან, რომ დამატებით ისროლონ. სლოვენიაში ყოფნისას აღმოვაჩინე, რომ ბევრი მხიარული და შესანიშნავი ადამიანია ჩვენს გუნდში. ლოს-ანჯელესში კი ვხედავ, თუ რაოდენ შრომისმოყვარეები არიან და როგორ გულშემატკივრობენ საქმეს, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია.
ასევე მნიშვნელოვანია ეს გულშემატკივრობა და იმის გააზრება, რომ გამარჯვებისთვის ყველას ჩართულობაა საჭირო - და მგონი, ეს ყველას ესმის. ასე რომ, მოუთმენლად ველოდები მათთან ერთად მოედანზე გასვლას. - სანდრო მამუკელაშვილი
ვიცი, რომ კობი ბრაიანტის ტატუ გაქვს. უფრო ფართო ჭრილში რომ შევხედოთ, რას ნიშნავს შენთვის ლეიკერის წევრობა? აღნიშნე, რომ მადლიერი ხარ ორგანიზაციის მიმართ, რა მნიშვნელობა ჰქონდა მას შენს ჩამოყალიბებაში - NBA-სა და კალათბურთის გულშემატკივრად, და საბოლოოდ, რა თქმა უნდა, NBA-ს მოთამაშედ ქცევის პროცესში?
დიდ პატივს ვცემდი კობის, როგორც მოთამაშესა და მენტორს. მუდმივად ვკითხულობდი მის ინტერვიუებს, ვუყურებდი მის ვიდეოებს. ყოველთვის ვცდილობდი, ჩავწვდომოდი მის აზროვნებას და გამეაზრებინა, რომ არ არსებობდა გეგმა ბ, იყო მხოლოდ გეგმა ა. უნდა გეშრომა და მიზნისკენ გევლო და ყველაფერი გაგეკეთებინა ამისთვის.
ლეიკერსის ორგანიზაცია ვფიქრობ, ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ორგანიზაციაა კალათბურთის კუთხით. საქართველოშიც კი, სადაც ტელევიზორში NBA-ის მატჩებს იშვიათად აჩვენებდნენ, ძირითადად სწორედ ლეიკერსის თამაშებს ვხედავდი, ამიტომ, ბავშვობიდანვე დიდი გულშემატკივარი ვიყავი, კობის დიდი ფანი ვიყავი და ვფიქრობ, სწორედ ამან განაპირობა მისი ტატუს გაკეთება, რადგან მეც ძალიან ბევრს ვშრომობ. ვფიქრობ, ამ სპორტში მნიშვნელოვანია „მამბას მენტალიტეტი“... თავდადება, ვნება და ყველაფერი, რაც ამას თან ახლავს.
მიყვარს ლეიკერსის წევრობა და ძალიან აღფრთოვანებული ვარ. იმედია, წელს კიდევ ბევრჯერ მოვირგებ ამ მაისურს. - სანდრო მამუკელაშვილი
ახლახან ისაუბრეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს თქვენთვის კარიერის ამ ეტაპამდე მოსვლა. მაინტერესებს, რას ნიშნავს სტაბილურობა - იმის ცოდნა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ერთსა და იმავე გუნდთან ერთად იქნები და როგორ აისახება ეს შენს თამაშზე.
ძალიან კარგი შეგრძნებაა, მაგრამ, არ მინდა, რომ ამაზე ვიფიქრო, რადგან არ მოვდუნდე. მართლა ასე ვფიქრობ. როგორც კი ამ ლიგაში თავს ზედმეტად კომფორტულად იგრძნობ, მაშინვე დაიწყება შენი თამაშის ხარისხის ვარდნა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხწლიანი კონტრაქტი გავაფორმე.
ეს არ ნიშნავს, რომ მოდუნება შეიძლება, პირიქით, ვგრძნობ, რომ ჩემი შესაძლებლობები ყოველ მატჩში, ყოველ ვარჯიშსა და ყოველ წელს უნდა დავამტკიცო. რა თქმა უნდა, კარგია, როცა გუნდში სტაბილურად ხარ, მაგრამ, უბრალოდ, მინდა ვიყო ისეთი ადამიანი, რომელიც არასდროს კმაყოფილდება მიღწეულით. მინდა კარიერაში რაღაც მნიშვნელოვანს მივაღწიო, გავიმარჯვო და ვიყო რაღაც დიდებულის ნაწილი. ამისთვის კი მუდმივად მობილიზებული უნდა იყო და აცნობიერებდე იმ სიტუაციას, რომელშიც იმყოფები. ვფიქრობ, სწორედ ამან მომიყვანა აქამდე - იმის გააზრებამ, რომ ყოველი დღე გამოწვევაა, მაგრამ თუ ბევრს იშრომებ და სწორად მოიქცევი, თუ კარგი ადამიანი ხარ, აუცილებლად მიაღწევ იმას, რაც გსურს.
მართალია, მნიშვნელოვანი კონტრაქტი გავაფორმე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უბრალოდ კომფორტულად მოვკალათდები და ამით დავკმაყოფილდები. ვფიქრობ, ჩემს კარიერაში კიდევ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია. კიდევ ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი, მუშაობა არასდროს წყდება. - სანდრო მამუკელაშვილი
ფიქრობ, რომ ლუკას უკეთ გაიცნობდი და გაიგებდი, როგორია ის, მას შემდეგ, რაც მის სამშობლოში ნახე?
ვფიქრობ, კი. იცით, ყველა ადამიანი განსხვავებულია. იმედია, ერთ დღეს თქვენც ჩამოხვალთ საქართველოში და ნახავთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი ქვეყანა, ადგილები, სადაც გავიზარდე, სკოლა, სადაც დავდიოდი, სადაც ვცხოვრობდი და სხვა მსგავსი რამეები. ასე რომ, მან ნამდვილად გაგვიზიარა ბევრი დეტალი თავისი ბავშვობის შესახებ. მან ბევრი ადგილი გვაჩვენა და ეს ნამდვილად გვეხმარება მისი კულტურისა და წარმომავლობის უკეთ გაგებაში. მოუთმენლად ველოდები, რომ წელს მას კიდევ უფრო უკეთ გავიცნობ. - სანდრო მამუკელაშვილი
სანდრო შენ აუტსაიდერის შთამბეჭდავი ისტორია გაქვს, ოსტინ რივზის ისტორიაც ანალოგიურია. რა იცოდი მასზე რა გაიგე მის შესახებ? რას ელოდები მისგან წელს?
ოსტინი ნამდვილი მებრძოლია, აი, ეს ვიცი. მან გზა ორმხრივი კონტრაქტით დაიწყო, განვითარდა და ლიგის ვარსკვლავად იქცა. ის შეუჩერებელია. მას უამრავი ტექნიკური არსენალი აქვს და ადვილად ახერხებს საქმის კეთებას.
რაც მის შესახებ გავიგე, ისაა, რომ ძალიან შრომისმოყვარე ბიჭია. ის კარგად უვლის საკუთარ სხეულს. მასთან ურთიერთობა ძალიან სახალისოა, ძალიან გაგებით ეკიდება ყველაფერს. თამაშის დროს ყურადღებიანია, ამავდროულად კი კარგი ლიდერი, რომელიც შეცდომებზე მიგითითებს და მხარში გიდგას. ჩვენ ერთად გავიარეთ დრაფტი და დრაფტ-კომბაინის ერთი გუნდის წევრებიც ვიყავით.
წლების განმავლობაში მისი განვითარებისა და იმ დონის მოთამაშედ ჩამოყალიბების ყურება, როგორიც ახლაა მართლაც გასაოცარია.
დარწმუნებული ვარ, მას კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი და წელსაც შესანიშნავად ითამაშებს. ის მართლა მაგარი ბიჭია. - სანდრო მამუკელაშვილი