მამუკელაშვილთან, შენგელიასთან და ბითაძესთან ერთად - საქართველო VS ისრაელი
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. ლიბანის შემდეგ ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი სპარინგ-მატჩში ისრაელს დაუპირისპირდება. შეხვედრა დღეს, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.
სანდრო მამუკელაშვილმა გუშინ ნაკრებთან ერთად ვერ ივარჯიშა, რადგან 2 დღით სლოვენიაში ლუკა დონჩიჩის კემპზე იმყოფებოდა, მან იქ ლეიკერსის სრული შემადგენლობა დაპატიჟა. მამუ თბილისშია და თორნიკე შენგელიასთან, გოგა ბითაძესთან და ჩვენი ნაკრების ყველა მოთამაშესთან ერთად ისრაელის წინააღმდეგ მატჩის განაცხადში იქნება. ისრაელთან მატჩი თბილისის სპორტის სასახლეში 19:30 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა თვე-ნახევრის წინ დაასრულა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ჯგუფი, სადაც ესპანეთისა და უკრაინის შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა და მეორე ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ჯგუფიდან გასული 3 გუნდი გაერთიანდა მომდევნო, D ჯგუფიდან გასულებთან (მონტენეგრო, პორტუგალია, საბერძნეთი) და შეიქმნა ახალი, 6-გუნდიანი ჯგუფი.
პირველ ეტაპზე დაგროვებული ქულები გუნდებს ახალ ჯგუფში გადაჰყვებათ, შესაბამისად, ერთმანეთში ნათამაშები შედეგები უკვე დაფიქსირებულია. მომდევნო 6 თვეში, 3 ფანჯრის ფარგლებში, ნაკრებები ახალ მეტოქეებთან 2-2 მატჩს გამართავენ. საქართველოს მოუწევს საბერძნეთთან, მონტენეგროსთან და პორტუგალიასთან გასვლა-სახლის პრინციპით შეხვედრები, რომლებიდანაც ორს 28 და 31 აგვისტოს — შესაბამისად, მონტენეგროსთან (თბილისში) და სტუმრად პორტუგალიასთან ჩაატარებს.