საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთში პირველი ვარჯიში აეკ-ის Sunel Arena-ზე გამართა
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ათენში პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ეროვნული გუნდი, კაპიტნის გარდა, საბერძნეთის დედაქალაქში სრული შემადგენლობით შეიკრიბა. თორნიკე შენგელია ეროვნულ გუნდს საბერძნეთთან თამაშის დღეს, 26 ნოემბერს შეუერთდება, ხოლო დღეს ნაკრებში მიმდინარე ფანჯრის ფარგლებში პირველად ივარჯიშეს ლეგიონერებმა: რატი ანდრონიკაშვილმა, ალექსანდრე ფევაძემ, მარკის რიდმა და გიორგი კორსანტიამ. OAKA-ს ოლიმპიურ დარბაზში, სადაც საბერძნეთთან თამაშია ჩანიშნული, ჩვენი ნაკრები 25 ნოემბერს ივარჯიშებს. დღეს ალეკსანდარ ჯიკიჩმა გუნდი აეკ-ის SUNEL არენაზე ავარჯიშა.
აღსანიშნავია, რომ ბერძნებს გამოცდილი მოთამაშე ნიკ კალატესი ტრავმის გამო გამოაკლდათ.
დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა 13-მა კალათბურთელმა მიიღო: გიორგი ოჩხიკიძე, დუდა სანაძე, მარკის რიდი, გიორგი კობახიძე, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჭინჭარაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი ტურძილაძე, ვილი ისიანი, საბა გიგიბერია, რატი ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ფევაძე და გიორგი კორსანტია.
საქართველოს ნაკრების მორიგი ვარჯიში 24 ნოემბერს, კვლავ აეკ-ის დარბაზში გაიმართება.