საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ნოემბერში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის. ალექსანდრ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი 26 ნოემბერს ათენში საბერძნეთს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ, 29 ნოემბერს კი თბილისში პორტუგალიას უმასპინძლებს. სერბმა სპეციალისტმა მოახლოებული შეხვედრებისთვის სელექცია დაიწყო და 19-კაციანი გაფართოებული სია დაასახელა, საიდანაც უშუალოდ მატჩებისთვის საბოლოო, 12-კაციან განაცხადს შეარჩევს.
საკალათბურთო კალენდრის სპეციფიკიდან გამომდინარე, შუა სეზონში ეროვნულ გუნდებს NBA-ში მოთამაშე კალათბურთელები ვერ ეხმარებიან. შესაბამისად, წინა სანაკრებო ფანჯრისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრებს ამჯერად ლოს ანჯელეს ლეიკერსის ფორვარდი სანდრო მამუკელაშვილი და ორლანდო მეჯიქის ცენტრი გოგა ბითაძე დააკლდებიან.
ნაკრებში პირველად უხმეს 17 წლის დავით (დადუ) ტრაპაიძეს, რომელიც სუპერლიგაში ორბის რიგებში ასპარეზობს და თსუ-ს 20 წლის კალათბურთელი ამირან აროშიძე.
დღეს, ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისი არენაზე ნაკრები პირველ ვარჯიშს გამართავს, რომელშიც 12 კალათბურთელი მიიღებს მონაწილეობას: ლუკა ლიკლიკაძე, დავით ტრაპაიძე, დუდა სანაძე, ალექსანდრე მერკვილაძე, გიორგი კობახიძე, ნიკოლოზ გაფრინდაშვილი, მათე ყავლაშვილი, კახაბერ ჯინჭარაძე, ამირან აროშიძე, ვილი ისიანი, რომა ჭინჭარაული და საბა გიგიბერია.
გუნდს 20 ნოემბერს შეუერთდება გიორგი ტურძილაძე და გიორგი ოჩხიკიძე. სამწუხაროდ, ნაკრებს ვერ დაეხმარება გამოცდილი ფორვარდი ბექა ბურჯანაძე, რომელიც ახლახან ესპანურ „კახა 87“-ში გადავიდა და ამ ეტაპზე სრულ ფიზიკურ მზადყოფნაში არ იმყოფება.
დარჩენილი ხუთი ლეგიონერიდან ოთხი - მარკის რიდი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე და რატი ანდრონიკაშვილი - ნაკრებს პირდაპირ საბერძნეთში შეუერთდება და 23 ნოემბერს დაგეგმილ პირველივე ვარჯიშზე ჯიკიჩის განკარგულებაში იქნება. კაპიტანი თორნიკე შენგელია კი გუნდს ათენში თამაშის დღეს, 26 ნოემბერს შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ექვსგუნდიან ჯგუფში, უკრაინისა და ესპანეთის შემდეგ, მესამე პოზიციას იკავებს. 8 ტურის შემდეგ ჩვენს გუნდს 5 გამარჯვება აქვს. მსოფლიო პირველობის საგზურს ჯგუფის სამი საუკეთესო ნაკრები იღებს, შესაბამისად, დარჩენილ ოთხ შეხვედრაში საქართველოს მინიმუმ 2 გამარჯვება სჭირდება, რათა მსოფლიოს ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გავიდეს.
2027 წლის მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატს კატარის დედაქალაქი დოჰა უმასპინძლებს.