Belive

მამუკელაშვილის იდეალური პირველი ტაიმი | ტორონტომ ბოლო 7-დან მე-6 მატჩი მოიგო

3 კვირის წინ კალათბურთი
1 წთ

ზედიზედ 4 მარცხის შემდეგ, ტორონტო რაპტორსმა ბოლო 7-დან მე-6 მატჩის მოგება შეძლო.

დარკო რაიაკოვიჩის გუნდმა დღეს კლივლენდ კავალიერსი სტუმრად 13-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 126:113 დაამარცხა.

შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო სანდრო მამუკელაშვილი, რომელმაც 17 წუთში 13 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა.

ქართველმა ფორვარდმა 3-დან 2 სამქულიანი, 2-დან 2 ორქულიანი და 3-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. მამუს პირველ ტაიმში 2-დან 2 სამქულიანი, 2-დან 2 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჰქონდა ჩაგდებული (არასრულ 10 წუთში) და მის ანგარიშზე 11 ქულა იყო (4 მოხსნასთან ერთად).

ტორონტოს 28 ქულით, 10 მოხსნით, 8 პასით, 5 დაფარებითა და 1 ჩაჭრით სკოტი ბარნსმა ულიდერა, კლივლენდის რიგებში კი 31 ქულით, 6 მოხსნით, 6 ასისტით, 2 დაფარებითა და 1 ჩაჭრით დონოვან მიტჩელი გამოირჩა.

რაპტორსი, რომელიც 7 მოგებითა და 6 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-7 პოზიციაზეა, მომავალ შეხვედრას კვირას, 16 ნოემბერს, ინდიანა პეისერსთან სტუმრად გამართავს.

სხვა სტატიები