Belive

მამუკელაშვილი: ,,მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი მნიშვნელოვანი იქნება, თუ მოვიგებთ, დავმშვიდდებით''

1 წლის წინ კალათბურთი
4 წთ

საქართველოსა და ლიეტუვის ნაკრებების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ (102:104), Basketnews-მა ჩვენი გუნდის ფორვარდთან, სანდრო მამუკელაშვილთან, ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ,,სან ანტონიო სპურსის'' კალათბურთელმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა:

სან ანტონიოსთან გახანგრძლივებულ კონტრაქტზე - ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ, ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. უბრალოდ, მინდა, რომ იქ ჩავიდე და რაც შეიძლება კარგად ვითამაშო. მსურს, რომ სან ანტონიოს აღზევების ნაწილი ვიყო. თანაგუნდელები ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვართ, პარკეტზე დიდი ქიმია იგრძნობა. ყოველ თამაშში 110%-ით დავიხარჯები.

 

გრეგ პოპოვიჩზე - ვგრძნობ, რომ მან ჩემზე ვარჯიშის პირველივე დღიდან იმოქმედა. სპორტდარბაზში სიარული და მისი ნახვა დაუჯერებელია... სპურსის გულშემატკივრად ვიზრდებოდი. ვიცი, რამდენად დიდებული მწვრთნელია და როგორ უყვარს კალათბურთი. ყოველთვის გვასწავლიდა, რომ კალათბურთი ცხოვრების ნაწილია, მაგრამ არის სხვა რაღაცებიც, რაც უნდა ვიცოდეთ - მაგალითად, რა ხდება მსოფლიოში და რა ხდება ჩვენ გარშემო. ასე რომ, ვფიქრობ, ის უფრო მენტორია, მამის როლს თამაშობს, მისი ასაკის გათვალისწინებით, ბაბუის როლსაც.

 

მისაბაძი მაგალითები - ასეთი ევროპელი ტონი კუკოჩი იყო. მისი თამაში მომწონდა. ის იყო პირველი მაღალი მოთამაშე, რომელსაც შეეძლო პასი, დრიბლინგი და სროლა. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარდა. რაც შეეხება ამერიკელებს, ასეთები ალან აივერსონი, დუეინ უეიდი და მონტა ელისი იყვნენ. ამ ბიჭებს ბავშვობაში ყოველთვის ვბაძავდი. მაგრამ, დიახ, ტონი კუკოჩი იყო ევროპელი, რომლის მსგავსადაც თამაში მინდოდა. სწორედ ამ სტილით თამაში მინდა და იმედია, გამომდის.

 

ბაქსის ვარჯიშზე იანისთან დაპირისპირება და მისი პოსტერ-დანქი მამუზე - ამას ნამდვილად შეგვიძლია ვუწოდოთ - ,,მოგესალმებით მილუოკი ბაქსში'' (იღიმის). იანისის დანქი სიგიჟე იყო, მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ არ მომხდარა. მის სახლში ერთი-ერთზე სათამაშოდ დავდიოდი. მის გვერდით ყოფნა მშვენიერი იყო, ამით უკეთესი გავხდი. თუმცა, ჩემი ,,მოგესალმებით NBA-ში'' მომენტი ,,ბრუკლინთან'' თამაში იყო, რომელშიც ჯეიმს ჰარდენს დავუპირისპირდი - ზედიზედ სამი სამიანი ჩამიგდო და სათადარიგოთა სკამზე დავჯექი...

 

2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე - ჩვენ აუტსაიდერებად ხშირად მიგვიჩნევენ. საქართველოში მხოლოდ 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ეს მოვახერხეთ. ვგრძნობ, რომ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევრობასკეტის ჯგუფიდან ვერ გავედით. ვიცით, რატომ მივდივართ იქ და ვფიქრობ, დიდებულად თამაში შეგვიძლია. ფავორიტი ნამდვილად არ მყავს, ტურნირს უამრავი ვარსკვლავი აკლია. ახლა მხოლოდ ჩვენზე ვფიქრობ და მათზე, ვინც ჩვენს ჯგუფშია. კარგი შანსები გვაქვს. პირველი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა თუ მის მოგებას შევძლებთ, დავმშვიდდებით. ახლა უნდა მოვემზადოთ და მუშაობა გავაგრძელოთ.

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის F ჯგუფში სლოვენიის, ვენესუელასა და კაბო-ვერდეს ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ჩვენი გუნდი პირველ შეხვედრას 26 აგვისტოს, კაბო-ვერდეს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები