Belive

მაკფადენი, შენგელია, შერმადინი და კომპანია - მზადება ისტორიის დასაწერად

1 წლის წინ კალათბურთი
6 წთ

29 აპრილს, ფილიპინების დედაქალაქი მანილა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრას უმასპინძლებს. რამდენიმე თვეში რჩეული ნაკრები გუნდები მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებელ ბრძოლაში ჩაერთვებიან.

FIBA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე, მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნების შესახებ ვრცელი სტატიები ქვეყნდება - გამონაკლისი არც საქართველოა, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი დაეთმო. აღსანიშნავია, რომ საქართველო დებიუტანტია და მსოფლიო პირველობაზე პირველად იასპარეზებს.

როგორ მოხვდა საქართველო მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ევროპული ზონის კვალიფიკაციაში იმ რწმენით ჩაერთო, რომ ისტორიული შედეგის დაფიქსირებას შეძლებდა. ილიას ზუროსისთვის, რომელმაც საქართველოს ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა, მსოფლიო ჩემპიონტზე გასვლის მეორე მცდელობაა. ტად მაკფადენის, გიორგი შერმადინისა და თორნიკე შენგელიას მონაწილეობით, "ჯვაროსნებმა" უდიდესი შრომა გაწიეს. მსოფლიო პირველობაზე მოსახვედრი საგზურისთვის მედგარი ბრძოლა გაჩაღდა - მიუხედავად იმისა, რომ საქართველო უკანასკნელ შეხვედრაში დამარცხდა, საქართველომ მაინც შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლების მოპოვება.

შესარჩევი კამპანია საქართველომ 2021 წლის ნოემბერში დაიწყო. G-ჯგუფის პირველ შეხვედრაში, საქართველომ უკრაინა დაამარცხა (88:83). მაკფადენმა, შერმადინმა და შენგელიამ ჯამში 66 ქულის დაგროვება შეძლეს და გამარჯვებაში ლომის წილი დაიდეს. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ესპანეთში განცდილი მარცხით (61:89) დასრულდა. 2022 წლის თებერვალში, საქართველო ჩრდილოეთ მაკედონიას ორჯერ დაუპირისპირდა და ორივე შემთხვევაში დაამარცხა (91:70 და 79:65). ორი მატჩის ჯამში, მაკფადენმა 50 ქულის დაგროვება შეძლო.

ზაფხული წარუმატებლად დაიწყო - მიუხედავად იმისა, რომ მაკფადენმა ბრწყინვალედ იასპარეზა და 22 ქულა დააგროვა, საქართველო უკრაინასთან დამარცხდა (66:79). აღნიშნულ შეხვედრაში შენგელიამ 21 ქულა დააგროვა. ივნისსა და ივლისში, საქართველომ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული გამარჯვება მოიპოვა. "თბილისი არენაზე", 8500 გულშემატკივრის წინაშე, საქართველოს ნაკრებმა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი - ესპანეთი დაამარცხა (82:76). "დიდმა სამეულმა" 46 ქულისა და 16 გადაცემის დაგროვება შეძლო, რასაც რატი ანდრონიკაშვილის ფენომენალური თამაში (17 ქულა) დაემატა.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა, საქართველომ 16-ქულიანი უპირატესობის განიავებით დაიწყო. L-ჯგუფში, საქართველო ნიდერლანდებს 16 ქულიანი უპირატესობით ამარცხებდა, რომლის შენარჩუნებაც ვერ შეძლო, თუმცა, საბოლოოდ მატჩის სადავეები კვლავ ქართველმა კალათბურთელებმა იგდეს ხელთ და ნიდერლანდები გატეხეს (77:66). მაკფადენის, შერმადინისა და შენგელიას ტრიომ 53 ქულის დაგროვება შეძლო. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველო იტალიასთან დამარცხდა (84:91). აღნიშნულ დაპირისპირებაში, გოგა ბითაძემ 19 ქულისა და 13 მოხსნის დაგროვება შეძლო, მაგრამ მისი გარჯა ამაო აღმოჩნდა.

2022 წლის სექტემბერში, საქართველო ევრობასკეტის თანამასპინძელი გახდა. საშინაო კედლებში ასპარეზობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრებმა, ჯგუფურ ეტაპზე მხოლოდ 1 მატჩის მოგება შეძლო და 4 შეხვედრაში დამარცხდა. განსაკუთრებით დრამატული თურქეთთან გამართული დაპირისპირება გახდა, რომელშიც გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ოვერტაიმის დანიშვნა გახდა საჭირო. ნოემბერში, საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები განახლდა. თორნიკე შენგელიას მეთაურობით (27 ქულა და 11 მოხსნა) საქართველომ ისლანდია 88:85 დაამარცხა, რის შემდეგაც იტალიასთან დრამატულ ბრძოლაში 84:85 დამარცხდა. თბილისში გამართულ მატჩს 8121 გულშემატკივარი დაესწრო.

2023 წელს, საკვალიფიკაციო ფანჯრის დასკნითი მატჩები გაიმართა. "დიდმა სამეულმა" ნიდერლანდებთან მოპოვებულ გამარჯვებაში 67 ქულა დააგროვა. საქართველოსა და ნიდერლანდების მატჩი, "ჯვაროსნების" გამარჯვებით (88:80) დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შედეგად, საქართველოს უკანასკნელ მატჩში 3-ქულიანი სხვაობით მარცხიც აძლევდა ხელს. პრინციპულ მატჩს, რომელშიც საქართველომ ისლანდიას უმასპინძლა, 10,000 გულშემატკივარი დაესწრო. მატჩში ლიდერი 15-ჯერ შეიცვალა. საბოლოოდ, საქართველო მხოლოდ 3-ქულიანი სხვაობით 77:80 დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

საუკეთესო შედეგი მსოფლიო ჩემპიონატზე

ევროსარბიელზე თავის დამკვიდრების შემდეგ, საქართველო მსოფლიო ასპარეზზე პირველად გავიდა. საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა უკანასკნელ 5 ევრობასკეტზე იასპარეზა. 2011 წელს, სადებიუტო ევრობასკეტზე, საქართველომ საუკეთესო შედეგი დააფიქსირა და მე-11 ადგილი დაიკავა. ზუროსის გაწვრთნილმა საქართველომ, გასული მსოფლიო ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია, თუმცა მეორე ეტაპის გადალახვა ვერ შეძლო და მუნდიალს მიღმა დარჩა.



მოთამაშეები, რომელთაც უნდა დავაკვირდეთ

შესაძლებელია, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დომინანტური ტრიო ყავდეს. ტად მაკფადენის, გიორგი შერმადინისა და თორნიკე შენგელიას შემადგენლობით, საქართველო განსაკუთრებული სამეულით იასპარეზებს. საკვალიფიკაციო ეტაპზე დაგროვებული ქულების 59,9% ამ სამეულზე მოდის.

ილიას ზუროსის არსენალში კიდევ ორი განსაკუთრებული იარაღია - NBA-ის დუეტი სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის მონაწილეობით. 2022 წლის აგვისტოს საკვალიფიკაციო ფანჯრის დროს, მამუკელაშვილმა და ბითაძემ 45 ქულის, 33 მოხსნის, 4 გადაცემისა და 5 ჩაჭრის დაგროვება შეძლეს.

არ დაგვავიწყდეს გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, დუდა სანაძე, კახაბერ ჯინჭარაძე და სხვა ქართველი კალათბურთელები, რომელთაც დაამტკიცეს, რომ თავის გამოჩენა ნებისმიერ შეხვედრაში შეუძლიათ. დიდი ალბათობით ზუროსის გუნდში ბექა ბექაურს, მიხეილ ბერიშვილს, მერაბ ბოქოლიშვილსა და ბექა ბურჯანაძესაც ვიხილავთ.

სხვა სტატიები