Belive

ლებრონ ჯეიმსს NBA-ში საშობაო ფორმების დაბრუნება სურს

10 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

2010-იანი წლების დასაწყისში NBA-მ დაამკვიდრა ტრადიცია, რომ გუნდები საშობაოდ განსაკუთრებული დიზაინის ფორმებით თამაშობდნენ. ეს ფორმები ხშირად ასახავდნენ ყველა გუნდისთვის დამახასიათებელ სუბკულტურულ ელემენტებს, გამოყენებული იყო საახალწლო პატერნები და შედარებით ნათელი ფერები. მართალია, ყველა დიზაინი დახვეწილი არ გამოდიოდა, თუმცა მაყურებელმა ეს წამოწყება კარგად მიიღო.

საშობაო დიზაინის ფორმები მას შემდეგ გაქრა, რაც NIKE-მა NBA-ის ეკიპირების ბიზნესი გადაიბარა. საგულისხმოა, რომ ბრენდმა ფორმების ნაირსახეობა უფრო გააფართოვა, თითოეული გუნდისთვის შეიქმნა Statement და City ვერსიები, რასაც რეტრო სტილიც დაემატა, ამიტომ ცოტა უცნაური იყო, როცა NIKE-მა საშობაო ფორმებზე უარი თქვა.

განსაკუთრებული დიზაინის ფორმების დაბრუნება ლებრონ ჯეიმსს სურს, რომელმაც ტვიტერზე კლივლენდში ყოფნის პერიოდის საშობაო ვიდეო გააზიარა და აღნიშნა, რომ მშვენიერი დრო იყო და დაინტერესდა, რატომ აღარ ეძლევათ გუნდებს გამორჩეული ფორმით თამაშის შესაძლებლობა.

ჯეიმსს Nike-თან უვადო ხელშეკრულება აკავშირებს, ასე რომ, ლეგენდარული კალათბურთელის სიტყვებს გაცილებით მეტი წონა აქვს და თუ ამ წლის შობას ახალი ფორმები არ იქნება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მომავლისთვის ბრენდი ამას არ გაითვალისწინებს.

NBA-ის ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი ვიდეოკლიპი, რომელშიც კალათბურთელები საშობაო ფორმებში არიან:

სხვა სტატიები