Belive

"კარგად გაწვრთნილი" მამუკელაშვილი, რომელმაც აღიარება დაიმსახურა

1 წლის წინ კალათბურთი
3 წთ

ავტორიტეტული სპორტული ტაბლოიდი Si "სან ანტონიო სპურსის" განვლილი სეზონის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც სანდრო მამუკელაშვილს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) 2 წელია ასპარეზობს, თავს თანდათან იმკვიდრებს და გულშემატკივარს ბრწყინვალე პერფორმანსით აოცებს. "მილუოკის" მაისურით სანდროს სათამაშო დრო პრაქტიკულად არ ეძლეოდა - "სან ანტონიოში" გადასვლის შემდეგ, ვითარება რადიკალურად შეიცვალა და კორტზე გატარებული დროის განმავლობაში, მამუკელაშვილმა შეძლო იმ პატივისცემის მოპოვება, რომელსაც კარგი თამაშით იმსახურებს.

ლიგაში, სადაც ტანმაღალი კალათბურთელები სულ უფრო მეტად დომინანტები ხდებიან, "სან ანტონიომ" მამუკელაშვილის სახით იდეალური მოთამაშე დაიმატა. "მილუოკის" ყოფილმა "მაღალმა" ბიჭმა "სპურსში" საკუთარი შოუ დადგა.

მარტის დასაწყისში "სან ანტონიოში" გადასვლის შემდეგ, მამუკელაშვილმა 20-ზე ნაკლებ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ახალ გუნდში ჩატარებული მატჩების მცირე რაოდენობის მიუხედავად, მამუკელაშვილმა შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა. კორტზე გატარებულ 23 წუთში, მამუმ საშუალოდ 10.8 ქულა, 6.8 მოხსნა და 2.4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

სიმაღლე და ათლეტურობა მამუკელაშვილს შესაძლებლობას აძლევს რთული პოზიციდაან მარტივად გამოვიდეს და ქულები დააგროვოს, მაგრამ მოპოვებული პატივისცემის მთავარი წყარო მისი ნიჭია. თანაგუნდელები ხშირად აღნიშნავენ, რომ მამუკელაშვილი უნიჭიერესი კალათბურთელია, რომელსაც ბრწყინვალე მომავალი ელის.

"დიდებული თანაგუნდელები მყავს. ისინი პოზიტიურ ენერგიას ავრცელებენ და დიდ ნდობას მიცხადებენ. ახალგაზრდა მოთამაშისთვის ეს განსაკუთრებულია. როდესაც ხედავ თანაგუნდელებს, რომლებიც გენდობიან და პატივს გცემენ, თავდაჯერებულობა გემატება", - სანდრო მამუკელაშვილი.

ოსტინში, "მინესოტას" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში, მამუკელაშვილმა ორმაგი დუბლი გაიფორმა და კორტზე ერთ-ერთ განსაკუთრებულ მოთამაშედ მოგვევლინა. ეს ყველაფერი "სან ანტონიოს" მესვეურებს იმ არგუმენტებს უმრავლებს, რის გამოც მამუკელაშვილი ფრენჩაიზში უნდა დაიტოვონ.

"ის ევროპელია, რაც მაიძულებს, რომ მომენტალურად შემიყვარდეს. ვფიქრობ, ეს ბიჭები "კარგად გაწრვთნილები" არიან და თამაში ბევრ ჩვენგანზე უკეთ ესმით", - გრეგ პოპოვიჩი.

"სან ანტონიოში" ევროპული საკალათბურთო სკოლის ისეთ ვარსკვლავებს უთამაშიათ, როგორიცაა: მანუ ჯინობილი და ტონი პარკერი. შესაძლოა მამუკელაშვილს აღნიშნულ ვარსკვლავებამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია, თუმცა უკვე დაამტკიცა, რომ უნიჭიერი კალათბურთელია, რომელიც სწორი მიმართულებით ვითარდება.

მომავალ სეზონში "სან ანტონიოს" მამუკელაშვილის თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებისა და სრულყოფილი კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობა ექნება. მამუკელაშვილი NBA-ში სულ უფრო დიდ გამოცდილებას იღებს და მისი სახით "სპურსი" იდეალურ მოთამაშეს გაიფორმებს.

სხვა სტატიები