კაპიტნის და ახალი ლეგიონერის დიდებული თამაში - საქართველომ ფინეთს მოუგო
2025 წლის ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპზე, საქართველოს ნაკრებმა მესამე თამაში სტუმრად ფინეთთან გამართა და ანგარიშით 83:90 გაიმარჯვა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფში პირველი შეხვედრა მოიგო.
საქართველომ შეხვედრა არც ისე კარგად დაიწყო, უნდა ითქვას, რომ მეოთხე მეოთხედამდე სულ ჩამორჩენაში ვიყავით და ეს ნავსი, ბოლო მეოთხედში დიდებულად ათამაშებულმა თორნიკე შენგელიამ გატეხა. კაპიტანი მატჩის საუკეთესო მექულე გახდა - 24 ქულა, 6 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა. შენგელიამ 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, თანაც მატჩის გადამწყვეტ ფაზაში. 11-ჯერ დადგა საჯარიმოს ხაზზე და 10-ჯერ ზუსტი იყო, მეტოქეს კი ერთხელ დააფარა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა ახალ ნატურალიზებულ კალათბურთელს, კამარ ბოლდუინს, რომელმაც შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა და თორნიკესთან ერთად, მთავარი წვლილი შეიტანა ჩვენი ნაკრების გამარჯვებაში. ბოლდუინმა 23 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
აღსანიშნავია გიორგი შერმადინის 10 და დუდა სანაძის 9 ქულა, ანდრონიკაშვილსა და ჯინჭარაძეს 6-6 ქულა ჰქონდათ, ბექა ბურჯანაძემ ფინეთს 7 ქულა ჩაუგდო, ფევაძეს კი 5 ქულა და 7 მოხსნა დაუგროვდა.
ჩვენს ჯგუფში პირველ ადგილს სერბეთი, 3-დან სამი მოგებით იკავებს. საქართველოს ნაკრები მომდევნო ტურის შეხვედრას 3 დღეში, თბილისში, ისევ ფინეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.