Belive

ქართველმა კალათბურთელებმა დანიაში პირველი ვარჯიში ჩაატარეს

2 დღის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დანიაში პირველი ვარჯიში გამართა. დარბაზი, სადაც ვარჯიშები და თამაშია დანიშნული, კოპენჰაგენისგან 20 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ფარუმშია.

თბილისიდან კოპენჰაგენში ჩასულ სუპერლიგის ხუთ მოთამაშეს – გიორგი ოჩხიკიძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ვილი ისიანი, გიორგი ტურძილაძე – და ნატურალიზებულ ამერიკელ მარკის რიდს სასტუმროში ლეგიონერები დახვდნენ, ნაწილიც მოგვიანებით ჩამოვიდა და 24 თებერვლისთვის ალექსანდრ ჯიკიჩის განკარგულებაში 13 კალათბურთელი იყო. ნაკრებს დანიაში შეუერთდნენ ესპანეთში მოთამაშე კალათბურთელები – დუდა სანაძე, ბექა ბურჯანაძე, მათე ხატიაშვილი, გიორგი კორსანტია, ისლანდიაში მოთამაშეები – რატი ანდრონიკაშვილი, ცოტნე ცარციძე და ბელგიური ოსტენდეს წევრი, ალექსანდრე მერკვილაძე.

სანამ 27 თებერვალს დანიასთან მატჩი გაიმართება, ალექსანდრ ჯიკიჩს 3 სრულყოფილი ვარჯიში აქვს მოსამზადებლად და არც ერთ მათგანში არ იქნება თორნიკე შენგელია. ნაკრების კაპიტანი 26 თებერვალს, ბოლო ვარჯიშის დღეს ჩამოვა და გუნდთან ერთად მხოლოდ მატჩის დღეს, ეგრეთ წოდებულ შუთერაუნდზე ივარჯიშებს.

ფარუმ არენა 4000 მაყურებელს იტევს და ის მხოლოდ ეროვნული ნაკრების თამაშებისთვის გამოიყენება. ჩვეულებრივ კი დარბაზის შენობაში საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს და მოედანი სპორტული გაკვეთილებისთვის გამოიყენება. იქ თამაშობენ ხელბურთს, ფრენბურთს, ფუტსალს, თუმცა ფარუმ არენა არც ერთ საკალათბურთო გუნდს არ ეკუთვნის.

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ჩვენს ჯგუფში, 2-დან 2 წაგება გვაქვს (უკრაინასთან და ესპანეთთან), ახლა დანიასთან ზედიზედ 2 მატჩის მოგება ძალიან გვჭირდება.

სხვა სტატიები