ჯიკიჩი: ,,ხატიაშვილი 17 წლისაა და კლუბი არ აძლევს საშუალებას, ნაკრებთან უფრო მეტი დრო გაატაროს''
3 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალეკსანდარ ჯიკიჩმა დანიასთან მოგების შემდეგ, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:
,,მივაღწიეთ იმას, რასაც ვგეგმავდით. ეს ადვილი არ ყოფილა, რადგან ვსწავლობთ, როგორ ვითამაშოთ ყოველი მომდევნო მატჩი უმაღლეს დონეზე. ვფიქრობ, მომატება შეგვიძლია.
მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ მოთამაშეს, რომელიც ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ ჩამოვიდა, ვისაც არ უთამაშია, ეს მათი გამარჯვებაცაა.
მერკვილაძე და ხატიაშვილი? მერკვილაძეს შანსი მივეცით და მიცემულ დროში პროდუქტიული იყო, თუმცა, ვფიქრობ, გაცილებით მეტი შეუძლია. მათესთან დაკავშირებით კი ძალიან საინტერესო სიტუაცია გვაქვს, რომელიც მე დიდად არ მომწონს. ის 17 წლის კალათბურთელია, რომელსაც კლუბი არ აძლევს საშუალებას, ნაკრებთან უფრო მეტი დრო გაატაროს. როცა ნაკრები ასეთ დონეზე თამაშობს, უფრო მეტზე უნდა ვიფიქროთ, მისი განვითარება ჩემი პრიორიტეტი არ არის, ნიჭიერი ბიჭია, მაგრამ ბევრი საკითხი აქვს მოსაგვარებელი. 35 წელია მწვრთნელი ვარ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი მყავს ნანახი, რომელთა ნაწილმაც საბოლოოდ ვერაფერს მიაღწია. იმედი მაქვს, მიხვდება, რას ნიშნავს იყო პროფესიონალი. ეს არ არის მათი ჰობი, ეს პროფესიაა, რომელშიც ხელფასს იღებენ. ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება მას ვუთხრათ, არის ის, რომ დრო ჯერ კიდევ აქვს.'' - ალეკსანდარ ჯიკიჩი
მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დანიას უმასპინძლა და 29-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 89:60 დაამარცხა. შედეგად, ჩვენმა გუნდმა შესარჩევი ეტაპის ჯგუფური ეტაპი დაძლია.