ჯიკიჩი: ,,ბიჭებს სურთ დაამტკიცონ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლას იმსახურებენ''
3 თვის წინ
კალათბურთი
1 წთ
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ლიმასოლში პირველი ვარჯიში ჩაატარა.
ვარჯიშის დასრულების შემდეგ მომავალ ევრობასკეტზე ალეკსანდარ ჯიკიჩმა, დუდა სანაძემ და გიორგი შერმადინმა ისაუბრეს:
დუდა სანაძე: ,,ლიმასოლში პირველი ვარჯიში ჩავატარეთ. რა თქმა უნდა, განწყობა საბრძოლოა. უკვე აქ ვართ, რთული გზა გამოვიარეთ. ამ ამხანაგური მატჩებიდან ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. ბევრი მიზეზი იყო, რის გამოც ამხანაგური შეხვედრები წარუმატებლად ჩავატარეთ, მაგრამ, ვფიქრობ, ამ მომენტისთვის შეძლებისდაგვარად მზად ვართ. სერიოზული ტრავმა არცერთ ჩვენგანს არ აწუხებს. თორნიკე შენგელიაც შემოგვიერთდა და დღითიდღე უმატებს. გუნდში კარგი განწყობაა და რა თქმა უნდა, ყოველ მატჩში საბრძოლველად გავდივართ.''
გიორგი შერმადინი: ,,ჩემი აზრით, ძალიან კარგი შეკრება გავიარეთ. პრობლემა ის იყო, რომ ამხანაგურ მატჩებში სრულ შემადგენლობას არ უთამაშია. უკვე კვიპროსში ვართ, ღმერთის წყალობით, ამ თამაშებში წარმატებას მივაღწევთ და ჯგუფიდან გავალთ. რა თქმა უნდა, ჩვენი ქართველი გულშემატკივრების იმედიც გვაქვს.''
ალეკსანდარ ჯიკიჩი: ,,იმედია, რომ ამ მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მთელი შემადგენლობა მზად იქნება. ამხანაგურ შეხვედრებში ასე არ ყოფილა... თუმცა, ვფიქრობ, ბიჭები მოტივირებულები არიან, აქვთ ენერგია და სურთ დაამტკიცონ, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლას იმსახურებენ.'' -
საქართველო ევრობასკეტის C ჯგუფში საბერძნეთის, ესპანეთის, იტალიის, ბოსნიისა და კვიპროსის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
ჯიკიჩის გუნდი ტურნირის პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს, ესპანეთის წინააღმდეგ გამართავს.