ჯეიმსმა საკრამენტოსთან მატჩში ისტორიული სამმაგი დუბლი შეასრულა
NBA-ის რეგულარული სეზონის შეხვედრაში ,,ლოს ანჯელეს ლეიკერსმა'' ,,საკრამენტო კინგსს'' უმასპინძლა და 15-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 110-125 დამარცხდა.
წაგების მიუხედავად, გამორჩეული მატჩი ჩაატარა ,,ლეიკერსის'' სუპერვარსკვლავმა, ლებრონ ჯეიმსმა, რომელმაც სამმაგი დუბლი გაიფორმა.
,,მეფემ'' 35 წუთში 28 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა, 10 მოხსნა და 1 დაფარება მოაგროვა. შედეგად, 38 წლის ასაკში, კარლ მელოუნის შემდეგ (40 წლის), ლებრონი გახდა მეორე ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე NBA-ის ისტორიაში, რომელმაც სამმაგი დუბლი მიითვალა.
გარდა ამისა, კარიერული სამმაგების რაოდენობით (108), ლებრონმა ჯეისონ კიდს გადაუსწრო და ახლა მე-5 ადგილს იკავებს. NBA-ის 4-გზის ჩემპიონი ამ მხრივ მხოლოდ რასელ უესტბრუკს (198), ოსკარ რობერტსონს (181), მეჯიქ ჯონსონსა (138) და ნიკოლა იოკიჩს (109) ჩამორჩება.
ჯეიმსი მიმდინარე სეზონში მატჩში საშუალოდ 24,6 ქულას, 8,6 მოხსნასა და 6 შედეგიან გადაცემას აგროვებს.
ლეიკერსი 6 მოგებითა და 6 მარცხით დასავლეთ კონფერენციის მე-8 პოზიციაზეა.
At 38 years old, LeBron James is the 2nd-oldest player in NBA history to record a triple-double.
— ESPN Stats & Info (@ESPNStatsInfo) November 16, 2023
He trails Karl Malone, who did it as a 40-year-old in 2003 with the Lakers. pic.twitter.com/NzootWSekM