იტალიელი ჟურნალისტი: "თორნიკე შენგელია გმირია - ასეთი თავდადება მხოლოდ ქვეყნის უდიდეს სიყვარულს შეუძლია"
15 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
კალათბურთის ექსპერტმა და სოციალურ ქსელებში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა იტალიურმა საკალათბურთო გვერდმა 'La Giornata Tipo'-მ, სოციალურ ქსელში თორნიკე შენგელიაზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მას და მის უდიდეს ამაგს აქებს და აფასებს.
გვერდი წერს, რომ ასეთი მონდომებითა და სირთულეებთან გამკლავება, მხოლოდ ქვეყნის უდიდეს სიყვარულს შეუძლია - გთავაზობთ პოსტს უცვლელად.
აბსურდულ ეპოქაში, როდესაც სანაკრებო მატჩები ხშირად ევროლიგის შეხვედრებს ემთხვევა ან მათ შორის სხვაობა 24 საათზე ნაკლებია, ნაკრებები პარკეტზე უამრავი მოთამაშის გარეშე გადიან. გარდა ერთისა, რომელიც თავისი ნაკრებისთვის ყოველთვის იქ არის - ნებისმიერ ფასად. ამ ფოტოზე წუხანდელი თამაშის გმირი თოკო შენგელიაა. თვალებზე ცრემლები ადგება. თანაგუნდელები რიგრიგობით ეხვევიან. საქართველომ საოცარი ქამბექის წყალობით აბსურდული თამაში მოიგო და საბერძნეთი დაამარცხა (რომელიც ახლა მსოფლიო ჩემპიონატიდან ფაქტობრივად გავარდნილია).
თოკოს თამაშზე საუბრამდე, უნდა ავხსნათ, როგორ მოხვდა ამ მატჩზე.
ოთხშაბათს საღამოს 10 საათზე, ის ამთავრებს ევროლიგის შეხვედრას თავისი დუბაისა და პარტიზანს შორის. სწრაფად იღებს შხაპს. ზურგის გაწელვის დროც კი არ აქვს, რომელიც უკვე გარკვეული დროა, აწუხებს. მანქანაში ჯდება და აეროპორტისკენ მიემართება. ათენში პირდაპირ რეისს უნდა მიუსწროს. ათენში ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე ჩადის. საბერძნეთი-საქართველოს მატჩამდე 14 საათია დარჩენილი. გამოუვიდა თუ არა მინიმუმ 10 საათი ძილი? შანსი არაა. სამი საათი ძილი, შემდეგ კი დილის ვარჯიშში იღებს მონაწილეობას. შემდეგ, 15:30 საათზე, ისევ არენაზეა.
ევროლიგის მატჩის დასრულებიდან 22 საათის შემდეგ, 3300 კილომეტრის მოშორებით, თითქმის 6 საათი ფრენის შემდეგ, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი შეხვედრა ითამაშა.
წუხელ პარკეტზე 43 წუთი და 40 წამი გაატარა: 45 სათამაშო წუთიდან (მატჩი ოვერტაიმში გადავიდა) მხოლოდ 80 წამი დაისვენა. ჩააგდო 25 ქულა, 11 მოხსნასა და 5 შედეგიან გადაცემასთან ერთად.
ოთხშაბათს დილით ბებია გარდაეცვალა. ორი დღის განმავლობაში ორი თამაში გულდაწყვეტილმა ჩაატარა, იმდენად ახლობლები იყვნენ. ახლა კი საქართველოში მიფრინავს, რათა საყვარელ ადამიანებს კვლავ ჩაეხუტოს და კვირას ნაკრებთან ერთად კიდევ ერთი მატჩი ითამაშოს.
როგორც ვამბობდით, უცნაური ეპოქაა. სეზონის განმავლობაში ვხედავთ, რომ ნაკრების თამაშები NBA-სა და ევროლიგის მოთამაშეების არყოფნითაა დასუსტებული. მხოლოდ ერთია ყოველთვის იქ. მხოლოდ ერთმა თქვა, რომ თუ კლუბი ნაკრებში თამაშის წინააღმდეგი წავა, მზად იქნება, კონტრაქტი გაწყვიტოს.
მხოლოდ ერთმა აირჩია, როგორც მაესტრო დე ანდრე იტყოდა, ჯიუტად, საპირისპირო მიმართულებით სვლა.
ქედს ვიხდით, თოკო."
- La Giornata Tipo
L'assurda epoca in cui le partite delle Nazionali spesso sono contemporanee alle partite di Eurolega, o a distanza di meno di 24 ore, porta le stesse Nazionali a scendere in campo con tanti assenti.
— La Giornata Tipo (@parallelecinico) November 27, 2026
Tranne uno, che per la sua Nazionale ci è sempre stato: ad ogni costo.
In questa… pic.twitter.com/Fu6DYnhvWh