ისტორიული მიღწევა - ლებრონ ჯეიმსმა NBA-ს მორიგი რეკორდი დაამყარა
NBA-ს რეგულარული სეზონი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. მე-5 ტურის შეხვედრაში, ლოს ანჯელესური დერბი გაიმართა, სადაც ძალიან შედეგიან, დრამატულ და ოვერტაიმიან ბრძოლაში "ლეიკერსმა" "კლიპერსი" 5-ქულიანი სხვაობით 130:125 დაამარცხა.
მატჩის MVP კი 38 წლის ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც პარკეტზე 43 წუთი გაატარა და მის ანგარიშზე: 35 ქულა, 12 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება და 1 ჩაჭრა იყო.
ლეგენდარულ და კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს, ლებრონ ჯეიმსს მორიგი საოცარი მატჩი ჰქონდა და ამ სტატისტიკით მან NBA-ს ახალი რეკორდი დააფიქსირა - კერძოდ, ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც კარიერის 21-ე სეზონში ერთ თამაშში 35 და მეტი ქულა ჩააგდო.
LeBron James is the first player in NBA history to score 35+ PTS in a game in their 21st season. pic.twitter.com/F6GcEoMxKJ
— NBA History (@NBAHistory) November 2, 2023
შეგახსენებთ, რომ ლებრონ ჯეიმსი NBA-ში 2003 წლიდან თამაშობს. იგი ლიგაში პირველი რაუნდის პირველ პიკად მოხვდა, დანარჩენი კი უბრალოდ ისტორიაა...
წლების განმავლობაში ლებრონს NBA-ს მხოლოდ 3 კლუბში აქვს ნათამაშები. მისი საკალათბურთო კარიერა "კლივლენდში" დაიწყო და ამ კლუბის ღირსებას პირველად, 2003-2010, ხოლო მეორედ კი 2014-2018 წლებში იცავდა.
2010-2014 წლებში "მაიამიში" თამაშობდა, 2018 წლიდან დღემდე კი "ლეიკერსის" მოთამაშეა.