"იანისი უფრო ფიზიკურია, ვემბანიამა კი მრავალმხრივი" - სანდრო მამუკელაშვილი
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტორონტო რეპტორსის კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი, ერთადერთი მოთამაშეა, რომელსაც იანის ანტეტოკუნმპოსთან და ვიქტორ ვემბანიამასთან ერთად აქვს ნათამაშები.
ქართველმა კალათბურთელმა ამერიკულ მედიასთან ისაუბრა და ეს ორი ფენომენალური მოთამაშე ერთმანეთს შეადარა:
იანისი უფრო ფიზიკურია, ის ქულებს ძალისმიერი კალათბურთით აგროვებს. ვემბანიამა კი უფრო მრავალმხრივია - მას შეუძლია როგორც შორეული მანძილიდან კარგად სროლა, ასევე ორივე ხელით ფარში ჩატენვა, ის საშუალო დისტანციიდანაც შესანიშნავად თამაშობს.
არამგონია ვემბანიამასთვის რაიმე ტიპის ზღვარი არსებობდეს, ნამდვილად ვერ იწინასწარმეტყველებ რას გააკეთებს, მას შეუძლია როგორც ბურთის კარგად ფლობა, ასევე ცენტრიდან შეტევის წამოწყება და წარმატებით დასრულება. ის რაც უფრო მეტ გამოცდილებას შეიძენს, მით უფრო ძლიერი გახდება. მის შესაძლებლობებს არანაირი ლიმიტი არ აქვს. - სანდრო მამუკელაშვილი
შეგახსენებთ, რომ დღეს სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსი სან ანტონიო სპურსთან 107:110 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა 14:14 წუთი ითამაშა, რა დროშიც 2 ქულა (2-დან 1 ორქულიანი) და 3 მოხსნა დააგროვა.
ტორონტო რეპტორსი აღმოსავლეთ კონფერენციაში 34 მოგებითა და 25 მარცხით მე-5 პოზიციაზეა. მომდევნო შეხვედრას ქართველი კალათბურთელის გუნდი პირველ მარტს ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ გამართავს.
ასევე შევადაროთ მიმდინარე სეზონში იმ კალათბურთელების საშუალო მაჩვენებელი, რომლებიც სანდრომ ერთმანეთს შეადარა:
იანის ანტეტოკუნმპომ მიმდინარე სეზონში მრავალი ტრავმის გამო ბევრი მატჩი გამოტოვა, ის საშუალოდ 28.0 ქულას, 10.0 მოხსნასა და 5.6 ასისტს აგროვებს.
ვიქტორ უემბანიამა სან ანტონიო სპურსში საშუალოდ 24.2 ქულას, 11.3 მოხსნას, 2.9 ასისტსა და 2.8 დაფარებას აგროვებს.
Sandro Mamukelashvili, seul joueur à avoir joué avec Giannis Antetokounmpo et Victor Wembanyama en NBA
— Basket-Infos (@Basket_Infos) February 26, 2026
« Giannis est plus physique. C’est comme ça qu’il marque : il va chercher ses paniers dans la peinture, en force, en “bully ball”. Wemby, lui, est plus polyvalent : il peut… pic.twitter.com/IC4259Bmul