გობერმა თანაგუნდელს დაარტყა, მაკდენიელსმა ხელი მოიტეხა
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარული სეზონის უკანასკნელ შეხვედრაში, "მინესოტასა" და "ნიუ ორლეანსის" დაპირისპირება შედგა. მინეაპოლისში, "Target Center"-ში გამართული დრამატული მატჩი, მასპინძელთა გამარჯვებით - 113:108 დასრულდა.
რეგულარული სეზონის უკანასკნელ ტურს დაძაბულობა არ აკლდა. პლეი-ინის ზონაში მოსახვედრად, დიდი ბრძოლა გაიმართა და ეს ყველაფერი როგორც ჩანს, კალათბურთელთა ნერვებზეც აისახა.
"მინესოტას" კალათბურთელებმა კორტზე იჩხუბეს. მეორე მეოთხედში, წუთშესვენებაზე, რუდი გობერი კაილ ანდერსონს დაუპირისპირდა. თანაგუნდელებს შორის დაწყებული კამათი, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შემდეგაც გობერს კორტი დაატოვებინეს.
მოგვიანებით, "ტიმბერვულვზის" ვარსკვლავმა საჯარო პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც თანაგუნდელებს, ფანებსა და კაილ ანდერსონს ბოდიში მოუხადა.
Twitter-ზე განთავსებულ პოსტში, გობერმა აღნიშნა, რომ ემოციების მოთოკვა ვერ შეძლო. მისი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, თუ რა უთხრა თანაგუნდელმა, ასე არ უნდა მოქცეულიყო და მისთვის არ უნდა დაერტყა.
გობერის ბოდიშს კაილ ანდერსონიც გამოეხმაურა, რომელმაც თანაგუნდელის მსგავსად სიტუაციის განმუხტვა სცადა და აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტები ხდება ხოლმე - მთავარია, რომ ყველას მოგება სურდა და გუნდმა საწადელს მიაღწია.
გობერისა და ანდერსონის ჩხუბი ერთადერთი ინციდენტი არაა, რომელიც "მინესოტასა" და "ნიუ ორლეანსის" დაპირისპირების დროს დაფიქსირდა. შესვენებაზე გასვლის დროს, გაბრაზებულმა ჯეიდენ მაკდენიელსმა კედელს მუშტი დაარტყა.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკდენიელსის ტრავმა მძიმე არ იყო და მხოლოდ "ნიუ ორლეანსთან" მიმდინარე მატჩის დარჩენილ დროს გამოტოვებდა, თუმცა, მოგვიანებით ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მაკდენიელსმა ხელი მოიტეხა.