Belive

გიორგი ცინცაძის 20 წლიანი სანაკრებო კარიერა დასრულდა - მისთვის ეს სარეკორდო 217-ე მატჩი იყო

10 თვის წინ კალათბურთი
6 წთ

"რა პასი იყო ღმერთო ჩემო" - ეს სიტყვები 2015 წლის ევრობასკეტიდანაა, როდესაც გიორგი ცინცაძემ ულამაზესი ასისტი მანუჩარ მარკოიშვილზე ლიეტუვას წინააღმდეგ გააკეთა.

ქართული კალათბურთის ლეგენდა გიორგი ცინცაძე იგივე "ბუ", პოზიციით გამთამაშებელია და 1986 წლის 7 თებერვალს თბილისში დაიბადა. მას ეროვნულ ნაკრებთან ბევრი მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი მომენტი აკავშირებს, მაგრამ 20 წლიანი ასპარეზობის შემდეგ გადაწყვიტა და კარიერა დაასრულა. "ბუ" დაგვემშვიდობა. მისთვის ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სერბეთის წინააღმდეგ ეროვნული ნაკრების ეგიდით ბოლო 217-ე იყო, რომელიც სარეკორდოა (საქართველო 63:76 სერბეთი). მან ბოლო შეხვედრაში 6 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.

გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო მატჩი | საქართველო VS სერბეთი
ყველა გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა ამდენი ხნის განმავლობაში გვერდში დგომისთვის, მხარდაჭერისთვის. ყველა იმ თანაგუნდელს ვეტყვი მადლობას ვისთან ერთადაც მოედანზე წამი გამიტარებია, მე ისინი მეამაყება. ცხოვრების ბოლომდე მათ ვუგულშემატკივრებ. გიყვარდეთ კალათბურთი.

მეც თქვენთან ერთად ვუგულშემატკივრებ საქართველოს ნაკრებს და ერთად მივაღწევთ დიდ წარმატებებს, მე ამის მჯერა. მთელი ცხოვრება გამყვება ეს ემოციები, არვიცი როგორ შევიკავე თავი, რომ ცრემლები არ წამომივიდა, ალბათ იმიტომ, რომ რაღაცეებზე მანამდე ვიტირე და ცრემლები დამეხარჯა. - გიორგი ცინცაძე
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო მატჩი | საქართველო VS სერბეთი

"ბუ"

ახლა კი კარიერის დასასრულზე საუბარს გადავუხვიოთ და სხვა არც თუ ისე გავრცელებულ და საინტერესო თემას შევეხოთ. "ბუ" ეს ის ზედმეტსახელია, რომელიც ქართული სპორტის ყველა ქომაგს თავში გიორგი ცინცაძის სახელსა და გვარს გაუელვებს იმიტომ, რომ სწორედ ეს არის ის დამახასიათებელი ნიშან-თვისება, რაც ქართველ კალათბურთელთან ყველაზე ახლოსაა.

ალბათ ყველას აინტერესებს თუ რატომ "ბუ". ეს ზედმეტსახელი გიორგი ცინცაძეს კარიერის დასაწყისიდანვე მოსდევს, რომელიც თავისმა პირველმა მწვრთნელმა ომარ ლებანიძემ შეარქვა, როგორც თვითონ ამბობს ეს დიდი, ხუჭუჭა თმების დამსახურებაა, მაგრამ თმებთან ერთად მას ბავშვობიდანვე ეფექტური პასების გაკეთება შეეძლო, ე.წ "No look" გადაცემები, რადგან თანაგუნდელს ზურგს უკან ძალიან კარგად ხედავდა და ამის გამო თავისი პირველი მწვრთნელი აღნიშნულ ფრინველს ადარებდა.

გიორგი ცინცაძე | "ბუ"

"ჩემთვის ორი მატჩი იქნება ყველაზე დასამახსოვრებელი, პირველი და ბოლო" - გიორგი ცინცაძე.

პირველი სანაკრებო მატჩი ქართველმა კალათბურთელმა 2004 წელს, ფინეთის წინააღმდეგ გამართა, მას შემდეგ კი ისტორია დაიწერა, რომელიც 20 წელს მოიცავს. სხვათაშორის ფინეთი 2025 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე დანიასთან და სერბეთთან ერთად ჩვენს ჯგუფშია და მათთან შეხვედრა 2024 წლის 11 ნოემბერს გვაქვს ჩასატარებელი, აქედან გამომდინარე იყო იმის შანსიც, რომ კარიერის ფინეთთან დაწყება - ფინეთთან დასრულებით დაგვირგვინებულიყო, მაგრამ, არა, "ბუ" ახლა 26 თებერვალს სერბეთთან დაგვემშვიდობა.

გიორგი ცინცაძე - 2004 წელი | პირველი სანაკრებო მატჩი ფინეთთან

კარიერის განმავლობაში უამრავი ლამაზი, საინტერესო, შედეგიანი და სანახაობრივი მატჩი გიორგი ცინცაძისგან, რომლითაც 20 წლის განმავლობაში საქართველოს კალათბურთის ნაკრები და ყველა სპორტის ამ სახეობის გულშემატკივარი განებივრებული იყო, მაგრამ ქართველი გამთამაშებლის ყველა ეს ეფექტურობა სანაკრებო კარიერაში სრულდება. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში საერთაშორისო ტურნირებზე მონაწილეობა მიღებული აქვს: 5 ევრობასკეტზე - 2011, 2013, 2015, 2017, 2022 და 1 მსოფლიო ჩემპიონატზე 2023 წელს.

გიორგი ცინცაძე და ლუკა დონჩიჩი | 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი - საქართველო VS სლოვენია

გიორგი ცინცაძეს საკლუბო კარიერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი:

  • ქულების რეკორდი სუპერლიგაში - "ბათუმის" წინააღმდეგ 29 ქულა (2017)

  • მოხსნების რეკორდი სუპერლიგაში - "GAU თბილისთან" 11 მოხსნა (2017)

  • ასისტების რეკორდი სუპერლიგაში - "ვერასთან" 16 შედეგიანი გადაცემა (2023)

  • ჩაჭრების რეკორდი სუპერლიგაში - "დინამო თბილისთან" 8 ჩაჭრა (2017)

  • ბლოკების რეკორდი ესტონეთის ლიგაში - "პარნუ სადამთან" 2 ბლოკი (2008)

  • სარგებლიანობის კოეფიციენტის რეკორდი სუპერლიგაში - "რუსთავთან" 41 (2016)

გიორგი ცინცაძე "ტარტუ ულიკოოლის" შემადგენლობაში

გიორგი ცინცაძის საკლუბო კარიერას რაც შეეხება, მან თავდაპირველად საწყისი ნაბიჯები პირველი ექსპერიმენტალური სკოლის საკალათბურთო გუნდში გადადგა, რასაც შემდეგ დიდი და ვრცელი კარიერაც მოჰყვა, იყო "მართვე", ხოლო შემდეგ თბილისის "აკადემია"-ში გადასვლას სუპერლიგაში დებიუტი.

ვრცლად, გიორგი ცინცაძის კარიერა კი ასე გამოიყურება:

2001 - თბილისის "აკადემია" (საქართველო)

2002/03 - ბათუმის "ბასკო" (საქართველო)

2003/04 - მოსკოვის "ცსკა" (რუსეთი)

2004/05 - "სამარა" (რუსეთი)

2005 - პერმის "ურალი" (რუსეთი)

2005/06 - მოსკოვის "დინამო" (რუსეთი)

2006/09 - "ტარტუ ულიკოოლი" (ესტონეთი)

2009 - "ტრიკალა 2000" (საბერძნეთი)

2009/10 - "დონეცკი" (უკრაინა)

2010 - "ტრეფლ სოპოტშიც" (პოლონეთი)

2010/11 - "ტარტუ ულიკოოლი" (ესტონეთი)

2011/12 - "ოლიმპი თბილისი" (საქართველო)

2012/13 - "ბუდიველნიკი" (უკრაინა)

2013/14 - "დონეცკი" (უკრაინა)

2014 - "ჩემპვილი" (ლიბანი)

2014 - "მზტ სკოპიე" (ჩრდილოეთ მაკედონია)

2014/15 - "შსს აკადემია" (საქართველო)

2015 - "გრაველინი" (საფრანგეთი)

2016 - "რუენი" (საფრანგეთი)

2016/17 - "ქუთაისი" (საქართველო)

2017/18 - "პოლიტექნიკა” (რუმინეთი)

2018/20 - "ალ შამალი" (ყატარი)

2020 - "დინამო თბილისი" (საქართველო)

2020/21 - "ბანიჟას აბუ დაბი" (საამიროები)

2021/22 - თბილისის "თსუ" (საქართველო)

2022 - "მონასტირი" (ტუნისი)

2022 - დღემდე თბილისის "თსუ" (საქართველო)

საკლუბო კარიერაში მოპოვებული ტიტულები:

2004 - რუსეთის ჩემპიონი

2005/06 - ულების თასის მფლობელი

2006 - ევროთასის გამარჯვებული

2007 - ესტონეთის ლიგის საუკეთესო ევროპელი კალათბურთელი

2007/08 - ესტონეთის ორგზის ჩემპიონი

2007/2009 - სამგზის ესტონეთის წლის ლიგის გუნდი

2011 - ესტონეთის თასის გამარჯვებული

2011 - ბალტიის თასის გამარჯვებული

2008 - ბალტიის ლიგის "ოლ-სტარის" წევრი

2008 - ფიბას ევროთასის "ოლ-სტარი"

2008 - ფიბას ევროთასის წლის საუკეთესო მცველი

2008 - ფიბას ევროთასის წლის საუკეთესო ევროპელი კალათბურთელი

2008 - ფიბას წლის გუნდის წევრი

2009 - ესტონეთის ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშე

2013 - უკრაინის ლიგის გამარჯვებული

2012,2015,2017,2023 - საქართველოს სუპერლიგის წლის გუნდი

2012,2015,2017,2023 - საქართველოს სუპერლიგის "ოლ-სტარის" წევრი

2012 - საქართველოს სუპერლიგის წლის საუკეთესო კალათბურთელი

2015,2017 - საქართველოს სუპერლიგის წლის საუკეთესო მცველი

2017,2023 - საქართველოს ლიგის წლის საუკეთესო მოთამაშე

2023 - საქართველოს სუპერლიგაში ყველაზე მეტი ასისტი

2019/20 - ყატარის ლიგის ორგზის ჩემპიონი

2023 - საქართველოს თასის გამარჯვებული

2015,2023 - საქართველოს სუპერლიგის ორგზის გამარჯვებული

სხვა სტატიები