Belive

ფიბა: ,,საქართველომ საბერძნეთი სასწაულებრივი ქამბექით შოკში ჩააგდო''

20 საათის წინ კალათბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს საბერძნეთთან გამარჯვებას ფიბამ სტატია მიუძღვნა სათაურით - ,,საქართველომ საბერძნეთი სასწაულებრივი ქამბექით შოკში ჩააგდო, მსოფლიო ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა და საბერძნეთი სახიფათო მდგომარეობაში ჩააყენა.''

აი, რას წერს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია გუშინდელ მატჩზე:

,,თოკო შენგელიას ბრწყინვალე კარიერის ისტორიას კიდევ ერთი თავი შეემატა: საქართველოს შთამაგონებელმა კაპიტანმა გუნდი სასწაულებრივ ქამბექამდე მიიყვანა - საქართველომ 2027 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთი დაამარცხა. საქართველო მატჩის დასრულებამდე 57 წამით ადრე, 7 ქულით აგებდა, თუმცა ბოლო 11 ქულა ჩააგდო, ოვერტაიმში 92:88 მოიგო და I ჯგუფში ბალანსი 6-3-მდე გაიუმჯობესა.

შენგელიამ ბოლო 16 წამში ოთხი საჯარიმო სროლა გამოიყენა და ქამბექს საფუძველი ჩაუყარა. საქართველოს შეტევა მთლიანად შენგელიასა და მარკის რიდზე იყო აწყობილი, რომლებმაც, შესაბამისად, 25 და 30 ქულა დააგროვეს. თორნიკე მესამე მეოთხედის შუაში ხელის პრობლემის გამო სათადარიგოთა სკამზე გადავიდა. თუმცა დაბრუნდა, საბოლოოდ 43:48 წუთი ითამაშა და აქტივში 11 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება ჩაიწერა.

7-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად, საქართველოს ბრძოლა არ დაუსრულებია. გიორგი კორსანტიამ უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და სხვაობა შეამცირა. გადამწყვეტი მომენტი მაშინ დადგა, როდესაც კოსტას ანტეტოკუნმპო საჯარიმო სროლისას შენგელიაზე არასპორტულად დაჯარიმდა. საქართველოს ვარსკვლავმა ორივე საჯარიმო გამოიყენა და თავისი ქვეყანა წინ გაიყვანა, საფინალო სირენამდე 7.9 წამით ადრე კი კიდევ ორი საჯარიმო ჩააგდო.

საბერძნეთს ბალანსი 4-5-მდე გაუუარესდა და ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ვასილის სპანულისის გუნდს მხოლოდ სამი თამაში დარჩა და, პრაქტიკულად, სამივე უნდა მოიგოს - კვირას ესპანეთში, შემდეგ კი უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ.'' - ფიბა

საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომავალ შეხვედრას კვირას, 29 ნოემბერს, თბილისში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები