ევროლიგაში თამაშის აკრძალვა და სოლიდური ფინანსური სანქცია - კალათბურთელებს მკაცრი სასჯელი ელით
ევროლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში, “რეალისა” და “პარტიზანის” დაპირისპირება შედგა, რომელიც ორივე გუნდის კალათბურთელების ხელჩართული ჩხუბის გამო შეწყდა და აღარ გაგრძელდა. მე-4 პერიოდში – იმ დროს, როდესაც “რეალი” 80:95 მარცხდებოდა, სერხიო ლულსა და კევინ პანტერს შორის დაპირისპირება დაიწყო. სწორედ ეს გახდა გუნდური ჩხუბის მიზეზი.
უკანასკნელი ცნობების თანახმად, ინციდენტში მონაწილე კალათბურთელები შესაძლოა მკაცრად დაისაჯონ. BasketNews-ის მტკიცებით, ორგანიზატორები განიხილავენ, რომ ჩხუბში მონაწილე კალათბურთელებს ევროლიგაზე ასპარეზობა 4 წლით აუკრძალონ და ფინანსური სასჯელის სახით 280,000 ევროს გადახდა დააკისრონ.
ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი ვარსკვლავი გერშონ იაბუსელეა, რომელმაც მოგვიანებით სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტში ბოდიში მოიხადა.
"გულწრფელად ვნანობ წუხანდელ შეხვედრაში ჩემს ქცევას. კალათბურთი არის მეგობრობისა და სპორტსმენობის უდიდეს ცნებაზე დაფუძნებული. ბოდიშს ვუხდი "პარტიზანს" - კლუბს, რომელთანაც ყოველთვის დიდებული ურთიერთობა გვქონდა. ბოდიშს ვუხდი დანტე ექსუმსა და მის ოჯახს, კლუბსა და გულშემატკივრებს".