ევრობასკეტი 2025 | ყველაფერი ჩვენი ნაკრების შესახებ
2025 წლის ევრობასკეტი უკვე კარს მოგვადგა. ტურნირი, რომელზეც საქართველო ზედიზედ მეექვსედ იასპარეებს, სტარტს 27 აგვისტოს აიღებს და 14 სექტემბრამდე გაგრძელდება. მისი მასპინძლები კვიპროსი, ფინეთი, პოლონეთი და ლატვია იქნებიან.
საქართველოს ნაკრები C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები ევრობასკეტის მოქმედი ჩემპიონი - ესპანეთი, ასევე საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, იტალია და ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი მასპინძელი, კვიპროსი იქნებიან. C ჯგუფის შეხვედრები სწორედ კვიპროსში, ქალაქ ლიმასოლში გაიმართება.
შემადგენლობა
ამჟამად, ჩვენი ნაკრები ლიმასოლში იმყოფება, სადაც ჯიკიჩმა პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. თავდაპირველი, 16-კაციანი შემადგენლობა ჯიკიჩმა 13-მდე შეამცირა და ევრობასკეტის წესების თანახმად, 27 აგვისტომდე ნაკრებს კიდევ ერთი მოთამაშე გამოაკლდება.
ჩვენი შემადგენლობა ასეთია:
რატი ანდრონიკაშვილი;
კამარ ბოლდუინი;
გიორგი ოჩხიკიძე;
კახა ჯინჭარაძე;
დუდა სანაძე;
ალექსანდრე ფევაძე;
თორნიკე შენგელია;
სანდრო მამუკელაშვილი;
ბექა ბურჯანაძე;
გიორგი კორსანტია;
გოგა ბითაძე;
გიორგი შერმადინი;
ილია ლონდარიძე.
ჯერჯერობით, სპეციალური პროგრამით ვარჯიშობს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელიც გულის არითმიის გამო, 8 აგვისტოს, ესტონეთთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, გუნდს გამოაკლდა და ბარსელონაში გამოკვლევები ჩაიტარა. საბედნიეროდ, ევრობასკეტის მიმდინარეობისას, შენგელია მწყობრში იქნება და ნაკრებს აუცილებლად დაეხმარება.
შენგელია, რომელმაც 2013 წლის ევრობასკეტი მუხლის, ხოლო 2022-ის კი მხრის ტრავმის გამო გამოტოვა, ამ ტურნირზე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მექულეა (257). იგი მხოლოდ ლეგენდარულ ოთარ ქორქიას ჩამორჩება, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ასპარეზობდა.
გიორგი შერმადინს ვემშვიდობებით
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კალათბურთის ისტორიაში, ერთადერთი კალათბურთელი, რომელიც ნაკრებთან ერთად ექვსივე ევრობასკეტზე მიიღო მონაწილება გიორგი შერმადინია. ვეტერანი კალათბურთელისთვის, ეს ტურნირი უკანასკნელი იქნება და მისი დასრულების შემდეგ, "ტენერიფეს" ცენტრი სანაკრებო კარიერას დაასრულებს.
NBA-ის ლეგიონი
ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის მსვლელობისას, გოგა ბითაძემ და სანდრო მამუკელაშვილმა ნაკრებთან ერთად ყოფნა NBA-ის კალენდრის გამო ვერ შეძლეს. იქიდან გამომდინარე, რომ ევრობასსკეტის მიმდინარეობისას, NBA-ში პაუზაა, მათი სახით გუნდს უდიდესი ძალა შეემატა.
აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი, FIBA-მ ევრობასკეტის ტოპ 25 კალათბურთელს შორის დაასახელა. ისიც სათქმელია, რომ NBA-ში მოთამაშე კალათბურთელების რაოდენობით, საქართველო ევრობასკეტის 24 მონაწილიდან 15-ს უსწრებს.
როგორ ფორმაში ვართ?
აღსანიშნავი ფაქტია, რომ ტურნირის დაწყებამდე, ალეკსანდარ ჯიკიჩის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და სამწუხაროდ, გამარჯვება ვერ მოიპოვა.
საქართველო 66:76 ისრაელი (დახურული);
საქართველო 70:75 ესტონეთი;
საქართველო 54:77 ლიეტუვა;
საქართველო 89:94 პოლონეთი;
საქართველო 83:103 ჩეხეთი (დახურული);
საქართველო 87:100 ჩეხეთი.
ერთი მხრივ, ეს ანგარიშები, მრავლისმთქმელია, თუმცა ცხადია, ოფიციალურ შეხვედრებში ჩვენმა ნაკრებმა სულ სხვა სიტყვა შეიძლება თქვას და ჩვენც ამ რწმენით შეგვიძლია ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს.
განრიგი
საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრას 28 აგვისტოს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 16:00-ზე დაიწყება. ამის შემდეგ, ჯიკიჩის გუნდს შემდეგი მატჩები ელოდება:
30 აგვისტო | საქართველო v იტალია | 16:00
31 აგვისტო | საქართველო v საბერძნეთი | 16:00
2 სექტემბერი | საქართველო v კვიპროსი | 19:15
4 სექტემბერი | საქართველო v ბოსნია და ჰერცეგოვინა | 16:00
აქვე გეტვით, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, ყველა მატჩი ლატვიაში გაიმართება.