Belive

ეროვნულ ნაკრებს კაპიტანი თორნიკე შენგელია და ამერიკელი ჯო ტომასონი შეუერთდნენ

10 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დანიაში გამგზავრებამდე ბოლოსწინა ვარჯიში გამართა. 18 თებერვალს ჩვენს ნაკრებს კაპიტანი, თორნიკე შენგელია და ამერიკელი ლეგიონერი, ჯო ტომასონი შეუერთდნენ. შეგახსენებთ, რომ ტომასონის თბილისში ჩამოსვლა ნაკრების ვარჯიშების დაწყების პირველივე დღეს იგეგმებოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქართული პასპორტი აიღო, ჯო ევროლიგის კლუბ თელ ავივის მაკაბიში გადავიდა და გეგმები ცოტა შეიცვალა.

რაც შეეხება კაპიტანს, შენგელიას გუნდი იტალიის თასის გათამაშებაში მონაწილეობდა და სავარაუდოდ მინიმუმ პირველი ბარიერი უნდა დაეძლია, თუმცა მოულოდნელად, 15 თებერვალს რეჯიო ემილიასთან დამარცხდა და თორნიკეც, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებისკენ დაიძრა, სადაც დანიაში წასვლამდე 2 სრულფასოვან ვარჯიშს გამართავს.

დანიაში გამგზავრებამდე, 19 თებერვალს, ალეკსანდარ ჯიკიჩი ჩვენს ნაკრებს ვიქტორ სანიკიძის აკადემიაში ავარჯიშებს, რომლის დასკვნით ნაწილსაც ჟურნალისტები დაესწრებიან. სერბი სპეციალისტი იმ 12 მოთამაშეს დაასახელებს, რომლითაც საქართველოს ნაკრები დანიაში გაემგზავრება. ნაკრებს დანიაში ესპანეთიდან შეუერთდებიან გიორგი შერმადინი და ბექა ბურჯანაძე, ხოლო საფრანგეთიდან მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, მანუჩარ მარკოიშვილი. ჯიკიჩის გუნდი 20, 21 და 22 თებერვალს ქალაქ ნესტვედში ივარჯიშებს, ხოლო 23-ში დანიის ნაკრებს ევრობასკეტ 2025-ის პირველ საკვალიფიკაციო მატჩში დაუპირისპირდება.

იმ 12 მოთამაშეს, რომელიც დანიასთან მატჩის განაცხადში იქნება, მთავარი მწვრთნელი თამაშის წინა დღეს, 22 თებერვალს დაასახელებს.

gbf.ge

სხვა სტატიები