"ძალიან დაძაბული რამდენიმე საათი გავიარე, რადგან სხვა ფრენჩაიზებიც გვესაუბრებოდნენ" - სანდრო მამუკელაშვილი
2 საათის წინ
კალათბურთი
1 წთ
მიუხედავად იმისა, რომ ტორონტოს სანდრო მამუკელაშვილის შენარჩუნება სურდა, კანადურ ფრენჩაიზს კონკურენტებთან ბრძოლა გაუჭირდა. ქართველი ვარსკვლავის გასაფორმებლად, ლოს ანჯელეს ლეიკერსი და 4 სხვა ფრენჩაიზი მართავდნენ მოლაპარაკებებს და საბოლოოდ, სანდრო მამუკელაშვილი ლეიკერსს შეუერთდა.
მამუმ გამართული მოლაპარაკებების შესახებ belive-თან ისაუბრა და განმარტა თუ რატომ გააკეთა არჩევანი ლეიკერსის სასარგებლოდ.
ლოს ანჯელეს ლეიკერსი მსოფლიო ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ორგანიზაციაა. NBA-ში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფრენჩაიზია და სხვადასხვა დროს ისეთი მოთამაშეები თამაშობდნენ, რომლებიც ყველას ძალიან გვიყვარს და რომელთა თამაშზეც გავიზარდეთ. მოლაპარაკებები, რომ დავიწყეთ და ყველაფერი უკვე კონტრაქტის გაფორმებამდე, რომ მივიდა, რთულია მაშინდელ ემოციებზე ვისაუბრო - არ მჯეროდა, ბევრჯერ წარმოვიდგინე ჩემი თავი ლეიკერსის ფორმაში. ძალიან დაძაბული რამდენიმე საათი გავიარე, რადგან სხვა ფრენჩაიზებიც გვესაუბრებოდნენ და უნდა გადამეწყვიტა, რომელი გზა იქნებოდა ჩემთვის საუკეთესო. როგორც ყოველთვის ოჯახის, მეგობრებისა და ჩემი სააგენტოს დახმარებით შევჯერდი ლოს ანჯელესზე, რადგან ვთვლი, რომ ჩემი კარიერის შემდეგი განვითარებისთვის ყველაზე კარგი ნაბიჯია.
როდესაც თავისუფალი აგენტი გავხდი პირველივე დღეს მქონდა შეხვედრა ლეიკერსთან და 4 სხვა ფრენჩაიზთან. ძალიან დაძაბული გარემო იყო და ერთ-ერთ სხვა ფრენჩაიზში გადასვლასთან ახლოს ვიყავი. ლეიკერსისკენ ბოლო წამს გადავიხარე. ყველა ფრენჩაიზი ძალიან კარგად იყო ჩემს მიმართ განწყობილი. ძალიან ვინერვიულე, რადგან რთულია ასეთ გარემოში არ შეცდე და საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ლუკასთან და ოსტინ რივზთან თამაშმა დიდი გავლენა იქონია. ვიცი, რომ ახალი გუნდის ჩამოყალიბებას აპირებენ და მინდა ამის ნაწილი ვიყო.
ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა, რომელიც გამომიცხადეს. 4-წლიანი კონტრაქტი ბევრს ნიშნავს, შემიძლია რომ ამ ფრენჩაიზში გავიზარდო და ჩემი სახელი უფრო დიდი აუდიტორიის წინ წარმოვაჩინო. ძალიან გახარებული ვარ და ვიცი რომ წინ ბევრი რამ გველოდება. ვისაუბრე მენეჯმენტთან, მწვრთნელთან, მოთამაშეებთან, დადებითად მიყურებს ყველა. უნდათ, რომ გუნდის დიდი ნაწილი ვიყო, ისინი მხედავენ როგორც კალათბურთელს და ფიქრობენ, რომ ძალიან კარგად შევეწყობი გუნდს, ლუკას და მისი თამაშის სტილს. დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება.
- სანდრო მამუკელაშვილი
2025/26 წლებში, 26 წლის ქართველმა ტორონტოში კარიერის საუკეთესო სეზონი ჩაატარა: საშუალოდ 11.2 ქულა, 4.9 მოხსნა და სამქულიანების თითქმის 39%-იანი სიზუსტე. მისი სათამაშო სტილი იდეალურად ერგება იმას, რასაც ლეიკერსი ეძებდა - მოძრავი "დიდი" კალათბურთელი, რომელსაც შეუძლია მოედნის გაშლა, ბურთის გათამაშება და სივრცის შექმნა.