Belive

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თსუ-ს მეტოქე ცნობილია

9 თვის წინ კალათბურთი
2 წთ

5-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული საკალათბურთო კლუბი ევროსარბიელზე ბრუნდება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახდა, FIBA-ს ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს. თსუ მონაწილეობას მიიღებს FIBA-ს უმაღლესი რანგის ევროტუნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე და წარმატების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება.

თსუ-მ გასულ სეზონში დუბლი შეასრულა. ლექსო ლაფანაშვილის ხელმძღვანელობით უნივერსიტეტის გუნდმა საქართველოს თასიც მოიგო და სეზონი ჩემპიონობით დააგვირგვინა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით თსუ-ს საკალათბურთო გუნდი უნივერსიტეტისა და ქვეყნის ღირსებას ევროტურნირზე დაიცავს.

5 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე FIBA-ს მთავარ ოფისში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც თსუ-ს მეტოქე გარიკვა. ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების სეზონში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 29 ადგილი უკვე დაკავებულია. დარჩენილი 3 საგზურისთვის 24 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებს, რომელიც 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

"თსუს" მეტოქე ყველაზე წარმატებული პორტუგალიური კლუბი - "ბენფიკა" იქნება.

ის გუნდები, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერ მოახერხებენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადასვლას, ერთი საფეხურით დაბლა მდგომ FIBA ევროპის თასზე გადაინაცვლებენ, სადაც რეგულარული ჩემპიონატი ოქტომბერში დაიწყება და 4-გუნდიანი ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გავა.

სხვა სტატიები