ბითაძის ზუსტი ორქულიანები | ორლანდო სან ანტონიოსთან დრამატულ მატჩში დამარცხდა
ზედიზედ 3 მოგების შემდეგ, ორლანდო მეჯიქი საკუთარ არენაზე სან ანტონიო სპურსთან 2-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 112:114 დამარცხდა.
ჯამალ მოსლის გუნდმა მატჩი თამაშის დასრულებამდე 1,4 წამით ადრე დათმო, როცა 112:112-ზე სპურსის უკანახაზელმა, დე'აარონ ფოქსმა ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა. ორლანდოს ბოლო შეტევისთვის დრო მაინც დარჩა, თუმცა ფრანც ვაგნერის ორქულიანი მცდელობა ლუკ კორნეტმა დაბლოკა.
მეჯიქის შემადგენლობაში 19 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ - ქართველმა ცენტრმა 8 ქულას, 5 მოხსნას, 2 შედეგიან გადაცემას, 1 ჩაჭრასა და 1 დაფარებას მოუყარა თავი. გოგამ მატჩში 4-დან 4 ორქულიანი ჩააგდო.
ორლანდოს 25 ქულით, 6 პასით, 4 მოხსნით, 2 ჩაჭრითა და 1 დაფარებით ფრანც ვაგნერმა ულიდერა, სან ანტონიოს რიგებში კი 31 ქულით, 5 ასისტითა და 5 მოხსნითა დე'აარონ ფოქსი გამოირჩა.
ბითაძის გუნდი, რომელიც 13 მოგებითა და 9 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-5 პოზიციაზეა, მომავალ მატჩს შაბათს, 6 დეკემბერს, მაიამი ჰიტის წინააღმდეგ გამართავს.