1:3-დან შემობრუნებული სერია - ფილადელფია შემდეგ ეტაპზეა!
ფილადელფია 76-ერსმა ისტორიული ქამბექი შეასრულა — ბოსტონში მეშვიდე მატჩი მოიგო და სერია გადაარჩინა.
მას შემდეგ, რაც სერიაში 1-3 მარცხდებოდა, ფილადელფია 76-ერსმა NBA-ის პლეი-ოფების უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება მოიპოვა. მეშვიდე ნომრად განთესილი გუნდი ზედიზედ სამი შეხვედრის მოგებით დაუბრუნდა სერიას და ბოსტონში, TD Garden-ში გამართულ დაძაბულ მეშვიდე მატჩში „სელტიკსს“ 109:100 აჯობა.
გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა ჯოელ ემბიდმა, NBA-ის ყოფილმა MVP-მ 34 ქულა, 12 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მოაგროვა, 22-დან 11 სროლა და საჯარიმოებიდან 9/11 — ემბიდმა კარიერაში პირველად მოიგო პლეი-ოფის მეშვიდე მატჩი. მისი პერფორმანსი იყო ის, რასაც ფილადელფიის გულშემატკივრები წლებია ელოდნენ.
ემბიდთან ერთად შესანიშნავი იყო ტაირის მაქსი, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი ბოლო წუთების თამაში — გუნდის ბოლო 10 ქულიდან 8 სწორედ მაქსის ანგარიშზეა. 11 მოხსნასა და 7 შედეგიან გადაცემასთან ერთად, მაქსიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დიდი მომენტების მოთამაშეა.
ახალგაზრდა ვიჯეი ედჯეკომბმა კი 23 ქულით შეიტანა საკუთარი წვლილი გამარჯვებაში და კიდევ ერთი ნათელი გვერდი დაუმატა თავის სადებიუტო პლეი-ოფურ სეზონს.
ამ გამარჯვებით 76-ერსი აღმოსავლეთის კონფერენციის ნახევარფინალში გავიდა, სადაც მას ნიუ-იორკ ნიქსი დაუპირისპირდება.