ვინ არის ფავორიტი? | ნახევარფინალისტების ტაქტიკური მხარე
განახლებული ფორმატით მოქმედი ჩემპიონთა ლიგა დასასრულს უახლოვდება. ნახევარფინალურ ეტაპზე, ერთმანეთს "ინტერი" და "ბარსელონა", ასევე "პსჟ" და "არსენალი" დაუპირისპირდებიან. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი ამ ორი უკანასკნელი გუნდისთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელი რჩება, "ინტერისა" და "ბარსელონას" ქომაგებს კი ეს გამარჯვება უკვე დიდი ხანია, მონატრებული აქვთ. თამაშების დაწყებამდე, მიმოვიხილოთ თითოეული გუნდი, განვიხილოთ მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეები და ერთად დაველოდოთ სეზონის დასკვნით, ყველაზე მნიშვნელოვან და სანახაობრივ ეტაპს.
არსენალი
ლონდონური კლუბის მარათონი პრემიერ ლიგაში წარმატებული არ გამოდგა. ინგლისში, პირველობას არნე სლოტის "ლივერპული" დაეუფლა. ნისლიან ალბიონთან შედარებით, "არსენალი" ევროპულ სარბიელზე გაცილებით უფრო დამაჯერებლად გამოიყურება.
საყოველთაო შეთანხმებაა, რომ არტეტას გუნდმა "მადრიდის რეალი" დამსახურებულად დაამარცხა, რითაც, 2009 წლის შემდეგ, "არსენალმა" ნახევარფინალის საგზური პირველად მოიპოვა. ორივე მატჩში, გუნდმა დაამტკიცა, რომ ბურთით თუ უბურთოდ, "არსენალი" ჩინებულად თამაშობს.
"არსენალისთვის" კომფორტულია ისეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში, რომლებიც შეტევაზე არიან ორიენტირებულები - ეს შესაბამისობაში მოდის ლონდონური კლუბის სწრაფ, შემტევ სტილთან, რადგან გუნდს ეძლევა მეტი საშუალება, რომ გამოიყენოს სივრცეები (განსაკუთრებით ფლანგიდან). ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე გუნდებს შორის, ფლანგების გამოყენების კუთხით, "არსენალი" პირველ ადგილზეა: ცენტრიდან განვითარებული შეტევების მაჩვენებელი მხოლოდ 24%-ს შეადგენს.

ბუკაიო საკას ფორმაში შესვლა "არსენალის" ქომაგებისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა. 23 წლის შემტევმა "რეალის" დამარცხებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ბერნაბეუზე გატანილი გოლის გარდა, ისიც აღსანიშნავია, რომ დეკლან რაისის მიერ გატანილი ჯარიმები სწორედ მისი მოპოვებული იყო.
"რეალთან" გასვლით მატჩში, "არსენალი" ფრთხილ ფეხბურთს თამაშობდა და ფეხბურთელები ძირითადად, 4-4-2 განლაგებით მოძრაობდნენ, თუმცა არაერთხელ ვიხილეთ შემთხვევა, როდესაც დაცვით ხაზში არა 4, არამედ 5, 6, 7 და 8 ფეხბურთელიც კი თამაშობდა.




"პარი სენ-ჟერმენთან" თამაშისას, სავარაუდოდ, "არსენალს" დაცვაში მეტი სიღრმე კვლავ დასჭირდება. ლუის ენრიკეს გუნდის წინა ხაზში ხშირი როტაციაა და "არსენალის" ამოცანა დაცვის ხაზის სტრუქტურის შენარჩუნება იქნება.
პარი სენ-ჟერმენი
ზედიზედ მეორე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი "პსჟ-სთვის" შესანიშნავი მიღწევაა, მითუმეტეს თუკი გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს, თუ რა მდგომარეობაში მოუწია ლუის ენრიკეს გუნდთან ერთად მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა. კილიან მბაპეს წასვლა გუნდისთვის უდიდესი დანაკარგი იყო, თუმცა ლუის ენრიკემ შეძლო და ფრანგი შემტევის გარეშე მოთამაშე "პსჟ" უფრო ორგანიზებულ გუნდად აქცია, რომელიც ესპანელი სპეციალისტის სათამაშო სტილს გაცილებით მეტად შეესაბამება.
"ასტონ ვილასთან" ანგარიშით 3:1 გამარჯვების შემდეგ, პარიზულ გუნდს სოლიდური უპირატესობა ჰქონდა მოპოვებული, თუმცა ბირმინგემულმა კლუბმა პარიზელი ქომაგი ძალიან ანერვიულა.
"ასტონ ვილას" ანგარიშის გათანაბრების შანსი საერთოდ არ მიეცემოდა, თუმცა საწყის 10 წუთში, ჩვენ ისიც არ ვიცოდით, შეგვეძლო თუ არა ბურთის შენარჩუნება. მეტოქე რისკზე მიდიოდა, რადგან დასაკარგავი აღარაფერი ჰქონდა, ინტენსიურად გვიტევდა და თანაც, ზურგს შესანიშნავი ქომაგი უმაგრებდა". - ლუის ენრიკე
"პარი სენ-ჟერმენს" არც ისე კარგი სტარტი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცა საუკეთესო ფორმაში პარიზული კლუბი ყველაზე საჭირო დროს შევიდა. ჟოაო ნევეში, ვიტინია და ფაბიან რუისი სივრცეებს შესანიშნავად იყენებენ, უკან დახევა და ბურთის რბილად ამოტანა გამორჩეულად კარგად გამოსდით. თუმცა ყველაზე ძლიერი ძალა შეტევითი ხაზია, სადაც ხვიჩა კვარაცხელია, უსმენ დემბელე, ბრედლი ბარკოლა და დეზირე დუე პოზიციებს ხშირად ცვლიან და მეტოქე გუნდში დეზორგანიზაციას იწვევენ.
თუკი ამას ნუნო მენდეშისა და აშრაფ ჰაკიმის სისწრაფესა და ენერგიას დავუმატებთ - ფეხბურთელების, რომლებიც გოლის გასატან პოზიციაში ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლუის ენრიკეს გუნდს ევროპაში ყველაზე სახიფათო შეტევითი პოტენციალი აქვს.
ბარსელონა
დორტმუნდთან 3:1 წაგება ანომალიური მოვლენა იყო. გარდა იმისა, რომ კატალონიური კლუბის 24-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა, უნდა ითქვას, რომ 4-ბურთიანი უპირატესობით მოთამაშე "ბარსელონასგან" ასეთი მარცხი მოულოდნელი იყო. "დორტმუნდმა" 3 გოლი გაიტანა, თუმცა დამატებით, მსაჯმა 2 გოლი არ ჩაუთვალა. თუკი მატჩს თვალი მიადევნეთ, იმისი შეგრძნება, რომ გერმანულ კლუბს ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, რეალური გახლდათ. ამ თამაშმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა ჰანსი ფლიკის გუნდის ერთ-ერთი ყველაზე სარისკო კომპოტენტი - მაღლა ამოწეული დაცვითი ხაზი.
სეზონის განმავლობაში, "ბარსელონა" რისკავს, თუმცა უმეტესწილად, ეს რისკი ამართლებს. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე, მისი მეტოქეები თამაშგარე მდგომარეობაში 68-ჯერ აღმოჩნდნენ. ეს რიცხვი უკეთესად რომ გაიაზროთ, გეტყვით, რომ მეორე პოზიციაზე მყოფი "ასტონ ვილას" წინააღმდეგ მოთამაშე ფეხბურთელები თამაშგარეში 34-ჯერ აღმოჩნდნენ. "ბარსელონას" დაცვითი ხაზი კარიდან საშუალოდ 33.7 მეტრზეა ამოწეული, რაც მთლიანად ჰანსი ფლიკის ხელწერაა.

დღევანდელი "ბარსელონას" ძლიერი მხარეები სისუსტეებს დიდწილად აღემატება. "ბარსა" ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა ბურთის კონტროლში - ფეხბურთელები თითოეულ შეტევაში, საშუალოდ 9-10 გადაცემას აკეთებენ. თუმცა ეს არის რეტრო სტილის ტიკი-ტაკა: ლამინე იამალისა და რაფინიას სისწრაფე, ტექნიკური არსენალი და სწრაფი ტრანზიცია იძლევა იმის საშუალებას, რომ გუნდმა როგორც კონტრშეტევის, ასევე პოზიციური შეტევისას ისარგებლოს ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელის ინდივიდუალიზმით.
რაფინია ვახსენეთ და აუცილებლად უნდა გამოვყოთ მისი შესანიშნავი სეზონი, რომელიც მას ოქროს ბურთის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად აქცევს. 50 მატჩი, 30 გოლი, 23 საგოლე გადაცემა. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე: 12 მატჩი, 12 გოლი, 7 საგოლე გადაცემა. ეს ის მომენტია, როდესაც რიცხვები ყველაფერზე მეტყველებს.
ინტერი
"ინტერს" "ანდერდოგად" ხშირად მოიხსენიებენ - ანუ გამარჯვების პოტენციალის მქონე გუნდად, რომელიც ფავორიტად არ მოაზრება. ცხადია, ასეც არის.
2023 წლის ფინალს თუ გავიხსენებთ, გეტყვით, რომ მაშინ "ინტერი" ისტორიაში ყველაზე ძლიერ "სიტის" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დამარცხდა. თანაც, ვერ ვიტყვით, რომ "ინტერს" გათანაბრების ან გამარჯვების შანსი არ ჰქონია. 2023-ის ფინალში მოთამაშე სასტარტო 11-ეულიდან, 8 კვლავ "ინტერში" თამაშობს. ამ თანმიმდევრულობის შედეგად (როგორც მოურინიო იტყოდა, this is heritage), სიმონე ინძაგიმ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ტაქტიკურად გამართული გუნდი ჩამოაყალიბა.
"ინტერი" კომფორტულად გრძნობს თავს, როდესაც შეტევისკენ ფრთხილად გადაადგილდება. შიგადაშიგ, ბურთის ამოტანისას, ნახევარმცველები მცველებზე უკან ჩამოდიან, ფლანგის მცველები კი ფორვარდებად გვევლინებიან. ინძაგი იყენებს 3-5-2 ფორმაციას, სადაც შეტევის ფორმირება ნელი ტემპით მიმდინარეობს. ასეთი ტიპის ტაქტიკა კი პირდაპირ კავშირშია დაცვით, კლასიკურ იტალიურ სტილთან.
ინძაგის დისციპლინირებულმა ტაქტიკამ შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. რეალურად, ინტერი ევროპაში ტაქტიკურად ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი გუნდია (განსაკუთრებით, ბურთის ფლობის ნაწილში). შესანიშნავი მაგალითია ნიკოლო ბარელა - ცენტრის მაკონტროლებელი იტალიელი, რომელსაც მატჩის მიმდინარეობისას, მოედნის თითოეულ წერტილში იხილავთ. ინძაგი ფეხბურთელებს მოძრაობისა და როტაციის თავისუფლებას აძლევს, რაც ქმნის რიცხობრივ უპირატესობებს ქმნის და "ინტერის" შეტევებს არაპროგნოზირებადს ხდის.

"ბარსელონას" წინააღმდეგ, "ინტერს", სავარაუდოდ, ბურთი ხშირად არ ექნება, თუმცა ინძაგი ამას შეჩვეულია. ძლიერი დაცვის ხაზი და მომენტებზე ჩასაფრებული შემტევები - "ინტერი" "ატლეტიკოს" წააგავს, თუმცა ტაქტიკურად, იტალიური გუნდის თამაში უფრო მეტად მიმზიდველია.