წვეულება კრუიზზე და საჩუქარი ფეხბურთელებს - როგორ ემზადება ნეაპოლი ჩემპიონობისთვის?
თითქმის გადაწყვეტილია, რომ 33-წლიანი პაუზის შემდეგ, "ნაპოლი" იტალიის სერია A-ს მოიგებს. გათამაშების დასრულებამდე 11 ტურით ადრე, საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს უახლოეს მდევარ "ლაციოსთან" 19-ქულიანი უპირატესობა აქვს და ერთპიროვნულად ლიდერობს.
ისევე, როგორც სრულიად ნეაპოლი, "ნაპოლის" ხელმძღვანელობაც სკუდეტოს რიგით მესამე ტრიუმფისთვის ემზადება. როგორც ბოლო კვირების განმავლობაში იტალიური მედია აქტიურად საუბრობს, კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს გადაწყვეტილი აქვს, რომ ფეხბურთელებს და მთლიანად გუნდს განსაკუთრებული საჩუქარი გაუკეთოს.
ირკვევა, რომ "ნაპოლის" საჩემპიონო გეგმა კლუბის ერთ-ერთ სპონსორ, MSC-ისთან (ხმელთაშუაზღვის სანაოსნო კომპანია) თანამშრომლობით სპეციალური კრუიზის მოწყობას ითვალისწინებს, რომელიც სათავეს ნეაპოლის პორტიდან აიღებს და კლუბის ჩემპიონობას შუა ზღვაში აღნიშნავს.
ამავე დროს, საუბარია იმაზე, რომ "ნაპოლი" ფეხბურთელებისთვის განსაკუთრებულ საჩუქარს ამზადებს, თუმცა თუ რას გულისხმობს ეს კონკრეტულად, ჯერჯერობით უცნობია. ამის შესახებ როგორც ხელმძღვანელობა, ისე უშუალოდ გუნდის წევრები ამ ეტაპზე საუბარს არ აპირებენ.
"ნაპოლის" შემდეგი მატჩი 2 აპრილს, "მილანის" წინააღმდეგ საშინაო კედლებში ელოდება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.