პირველად 1967 წლის შემდეგ... - იუვენტუსმა ანტირეკორდი დაამყარა
იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში "იუვენტუსი" "ატალანტასთან" შინ 0:4 განადგურდა. პირველი ტაიმი მატეო რეტეგის ერთადერთი გოლის წყალობით "ატალანტამ" მოიგო. მეორე ტაიმში სტუმრებმა 3 უპასუხო გოლი გაუტანეს და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში 0:4 დაფიქსირდა.
ამ მარცხით, "იუვენტუსი" საჩემპიონო ოცნებებს საბოლოოდ დაემშვიდობა, "ატალანტა" კი "ნაპოლის" 2, ხოლო "ინტერს" 3 ქულით ჩამორჩება და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ეს მარცხი ანტირეკორდი გამოდგა ტურინული გრანდისთვის - კერძოდ, "ბებერმა ქალბატონმა" შინ 4 ან მეტბურთიანი სხვაობით 1967 წლის შემდეგ პირველად წააგო, რაც ძალიან კარგად უსვამს ხაზს "იუვენტუსის" უმძიმეს მდგომარეობაში ყოფნას.
მატჩის დასრულებისთანავე კი, იტალიურ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ შესაძლოა ტიაგო მოტა "ბებერი ქალბატონის" მწვრთნელის რანგში ბოლო დღეებს ითვლის.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 20 დღის განმავლობაში, "იუვენტუსი" ჯერ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა, შემდეგ იტალიის თასს, ახლა კი სერია A-ში ჩემპიონობისთვის ბრძოლას ოფიციალურად ჩაეხსნა.