შოტლანდია Vs. საქართველო - გასაოცარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია სტუმრებს გაუძღვება" - BBC
ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში, “ჰემპდენ პარკზე”, საქართველოს ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი 20 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
- “ჩვენი ნაკრების წარმატებული სერიის დასასრულებლად ემზადება”
- “შოტლანდიამ უნდა შეაჩეროს კვარაცხელია – საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი”
პრინციპული მატჩის დაწყებამდე ავტორიტეტული ბრიტანული მედია საშუალება შოტლანდიისა და საქართველოს ურთიერთშეხვედრებს იხსენებს და ხვიჩა კვარაცხელიას ფაქტორს უსვამს ხაზს.
BBC აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წარსულში შოტლანდიას მტკივნეული მარცხი აგემა და ახლა ხვიჩა კვარაცხელიას მეთაურობით, "ჯვაროსნები" მორიგი გამარჯვების მოპოვებას შეეცდებიან.
სახელწოდება საქართველო შოტლანდიასა და მის გულშემატკივრებს კვლავ მწარედ ახსოვთ. ერი, რომელმაც არა ერთხელ - არამედ ორჯერ შოტლანდიელთა საკვალიფიკაციო გეგმებს დიდი დარტყმა მიაყენა.
ევრო 2008-ისა და ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე, კავკასიელებმა შოტლანდია დაამარცხეს და მათი ამბიციები დაასამარეს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ახლა გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე განვლილ ორ შეხვედრაში.
იგივე შეიძლება ითქვას შოტლანდიაზეც. ასე რომ - დღევანდელ მატჩს წინ დიდი ინტრიგა ახლავს. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ ისტორიაში პირველად, მასპინძლებს კარგი შანსი აქვთ იმისთვის, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის 4 შეხვედრაში ქულათა მაქსიმალური რაოდენობა აიღონ.
შოტლანდიის მტკივნეული მოგონებები
საქართველო მატჩს ამაღლებული განწყობით ხვდება. განვლილ 15 შეხვედრაში "ჯვაროსნები" მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. უკანასკნელ მატჩში საქართველომ სტუმრად კვიპროსი დაამარცხა (1:2).
2007 და 2015 წლებში, საქართველომ შოტლანდია პრინციპულ მატჩებში დაამარცხა. ორივე მატჩი თბილისში გაიმართა. ორივე მარცხი შოტლანდიისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდა. საპირისპიროდ, შოტლანდიამ "ჰემპდენ პარკზე" და "იბროქსზე" გამართული ორივე საშინაო შეხვედრა მოიგო.
კვარადონამ "ნაპოლისთან" ერთად გაიბრწყინა
ისევე, როგორც ნორვეგიას ჰყავს ერლინგ ჰოლანდი - საქართველოს თავისი სუპერვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჰყავს. 22 წლის ქართველამ შემტევმა "ნაპოლის" საჩემპიონო მსვლელობაში ლომის წილი დაიდო და სრულაიდ დამსახურებულად შეარქვეს "კვარადონა". ნეაპოლში კვარაცხელიას აღმერთებენ.
წლევანდელ სეზონში, ყველა ტუნირზე გამართულ შეხვედრებში, კვარაცხელიამ "ნაპოლის" 31 გოლში მიიღო მონაწილეობა, რის შედეგადაც "ნაპოლი" 33-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონის ნანატრ ტიტულს დაეუფლა. მას პრაქტიკულად ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია გატანა. ამის ნათელი დასტურია მის მიერ "ატალანტას" კარში გატანილი გასაოცარი გოლი.
საქართველოს ბრწყინვალე მომავალი ელის. ნაკრებს "ბაიერნისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი ვილი სანიოლი წვრთნის. კვარაცხელიასთან ერთად კი გიორგი მამარდაშვილისა და გიორგი მიქაუტაძის გამორჩევა შეიძლება, რომელთაც კლუბებში ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ.