Belive

შოკისმომგვრელი კადრები - ჯამალ მუსიალამ მატჩის დროს გონება დაკარგა

5 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

მიუნხენის ბაიერნი პრესეზონის ამხანაგურ მატჩში ლაიფციგს დაუპირისპირდა და 3:1 გაიმარჯვა.

შეხვედრის ერთ-ერთი გოლი ჯამალ მუსიალამ გაიტანა, რომელიც მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა და მეტოქის კარი მალევე აიღო. რეკორდმაისტერის ფანები მუსიალას დაბრუნებას მოუთმენლად ელოდნენ - ახალგაზრდა ვარსკვლავმა 2025 წელს ფეხი მოიტეხა, ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ იანვარში დაბრუნდა და შემდეგ მუხლის ტრავმა მიიღო, რის გამოც გუნდს კვლავ გამოაკლდა. მუსიალა ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა, ახლახან გუნდთან ერთად ვარჯიშიც დაიწყო და მოედანზე მისი გამოჩენა დამაიმედებელ პროგნოზს იძლეოდა, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ გოლიც გაიტანა, მაგრამ მუსიალასა და ბაიერნისთვის მოვლენები კატასტროფულად განვითარდა....

სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა შოკისმომგვრელი კადრები, თუ როგორ კარგავს მუსიალა გონებას მოედანზე შესვლიდან დაახლოებით 15 წუთში.

ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ მუსიალა კონცენტრაციას კარგავს და მოედანზე გადაადგილება უჭირს. სწორედ ამ დროს თანაგუნდელები და ლაიფციგის ფეხბურთელები ცდილობენ მის დახმარებას, შემდეგ კი საქმეში ორივე გუნდის სამედიცინო სტაფი ერთვება.

მუსიალას პირველადი დახმარება მინდორზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს - მომხდართან დაკავშირებით ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა მაქს ებერლმა მოკლე კომენტარი გაკეთა: "ახლა ყველაზე მთავარი ისაა, რომ მუსიალა თავს კარგად გრძობს! სხვა არაფერია სათქმელი".

მოგვიანებით ავტორიტეტული გერმანული გამოცემა BILD მუსიალას ამბავს გამოეხმაურა და სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ 23 წლის ფეხბურთელის შეუძლოდ გახდომა ძლიერმა სიცხემ გამოიწვია.

გამოცემა ასევე აღნიშნავს, რომ ჯამალ მუსიალას დამატებითი გამოკვლევები რამდენიმე დღეში ჩაუტარდება, რის შემდეგაც ბაიერნი ოფიციალურ მოხსენებას გაავრცელებს.

სხვა სტატიები