Belive

რეალმა შესაძლოა ალაბას დროებით შემცვლელად ვარანი დაიბრუნოს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

"Goal.com"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" აპირებს "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის - რაფაელ ვარანის კლუბში დაბრუნებას, მას შემდეგ, რაც დავიდ ალაბამ უმძიმესი ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე "სამეფო კლუბს" ვეღარ დაეხმარება.

"სამეფო კლუბში" იძულებულნი გახდნენ იფიქრონ დაცვის გაძლიერებაზე, რადგან მათი ცენტრალური მცველები - ალაბა და მილიტაო ტრავმირებული არიან და ამჟამად ტრავმებს მკურნალობენ. გერმანული "Bild"-ის ჟურნალისტის - კრისტიან ფოლკის მოხსენების თანახმად, "რეალი" იდეალურ ვარიანტად კლუბის ყოფილი მცველისა და ამჟამად, "მანჩესტერ იუნაიტედის" მცველის - რაფაელ ვარანის დამატებას მიიჩნევს. ამ ყველაფერს კი ის ფაქტიც ემატება, რომ მიმდინარე სეზონში ფრანგი მცველი "წითელი ეშმაკების" ძირითად მცველად არ ითვლება და უკვე არაერთხელ აღნიშნა, რომ მას ზაფხულში კლუბის დატოვება სურს.

ვარანი "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2021 წელს, 40 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა. ფრანგი მცველი პრემიერ ლიგაში სწორედ "სამეფო კლუბიდან" გადავიდა.

ვარანმა "წითელი ეშმაკების" რიგებში 77 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ამ სეზონში მხოლოდ ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა და მიმდინარე სეზონში მის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში 35 წლის მცველი - ჯონი ევანსი თამაშობს.

"Goal.com"-ის თანახმად, ბრიტანული კლუბი ფრანგ მცველს მხოლოდ 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა, ჯერ კიდევ გასარკვევია, თანახმა იქნება და უღირს თუ არა "სამეფო კლუბს" ასეთი სოლიდური თანხის გადახდა ფეხბურთელში, რომელიც მომავალ ზაფხულს 31 წლის გახდება.

შეგახსენებთ, რომ რაფაელ ვარანი მადრიდულ გრანდში 10 წლის განმავლობაში (2011-2021 წლები) თამაშობდა. მას "სამეფო კლუბის" მაისურით 236 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც თავი გატანილი გოლით 8-ჯერ გამოიჩინა, თუმცა, კლუბთან ერთად უამრავი ტიტული, მათ შორის 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

სხვა სტატიები