Belive

რა ვნახეთ და რას უნდა ველოდოთ? - 2022 წლის შეჯამება ქართულ ფეხბურთში

1 წლის წინ ფეხბურთი
14 წთ

2022 წელი დასასრულს მიუახლოვდა და უკვე დროა, ქართული სპორტისთვის განვლილი წელი შევაფასოთ. ამ სტატიაში კი უფრო კონკრეტულად ფეხბურთზე ვისაუბრებთ.

ქართული ფეხბურთისთვის 2022 წელი გამორჩეულად საინტერესო, სასიამოვნო და დასამახსოვრებელი წელიწადი იყო, ისეთი, რომელიც დიდხანს დარჩება ერთგული გულშემატკივრების მეხსიერებაში და წესით და რიგით, კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი წარმატების დასაწყისიც უნდა გამოდგეს.

ამ წარმატებული წლის შემოქმედი ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი - ეროვნული ნაკრები და რამდენიმე ინდივიდუალური ფიგურა გახლავთ, რომლებმაც თავიანთი წარმატებული ასპარეზობით საქართველოს და ქართული ფეხბურთის ჩრდილს მოფარებული სახელი სააშკარაოზე გამოიტანეს.

ქვემოთ, ამ თემებზე უფრო დეტალურად ვისაუბრებთ და 2022 წელს მომხდარ ქართული ფეხბურთის გამორჩეულ მომენტებს, სტატისტიკურ მონაცემებს, შედეგებს, ტიტულებს და იმ ყველაფერს გავიხსენებთ, რომელიც გულშემატკივარმა იხილა.


საქართველოს ნაკრები:

როგორც ზემოთ აღვნიშნე, წლის მთავარი საფეხბურთო წარმატების შემოქმედი, სწორედ საქართველოს ნაკრები გახლდათ. ვილი სანიოლის გუნდი, რომელმაც არსებობის ისტორიაში თავისი რეკორდი დაამყარა და 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შემოგვთავაზა და რომ არა მუნდიალის მოქმედ მეოთხეადგილოსან მაროკოს ნაკრებთან მარცხი (0:3), წელსაც წაუგებლად დაასრულებდა, რაც ასევე ისტორიული შედეგია (2010 წელს თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილმა გუნდმა 10 მატჩიდან არცერთი წააგო და ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრებმა წელიწადი მარცხის გარეშე დაასრულა).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2022 წელს ჩატარებული 9 მატჩიდან 6 საქართველოს ნაკრებმა ოფიციალური შეხვედრის ეგიდით გამართა და არცერთ მათგანში დამარცხებულა. უეფას ერთა ლიგის 2022 წლის გათამაშების C დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა 6-დან 5 შეხვედრა მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 16 გოლი გაიტანა, 3 გაუშვა, ჯგუფის გამარჯვებულ ოთხ ნაკრებს შორის საუკეთესოობა გაინაღდა და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ნახევარფინალურ მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა. 

მთლიანობაში, საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი სათამაშო ფორმა ასე გამოიყურება: 12 მატჩი, 9 გამარჯვება, 2 ფრე, 1 მარცხი, 22 გატანილი, 8 გაშვებული გოლი, 8-ჯერ მშრალად შენახული კარი. 

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C დივიზიონის მეოთხე ჯგუფის გამარჯვებულია

ახალგაზრდული ნაკრებები:

რაც შეეხება ახალგაზრდულ ნაკრებებს, 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა ორ გუნდს, საქართველოს U17 და U19 ნაკრებებს ჰქონდათ, თუმცა ასპარეზობას ელიტ-რაუნდიდან გამოეთიშნენ.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებებს შედეგები 2022 წელს ასეთია:

U15

3 მატჩი, ორი გამარჯვება, 1 მარცხი პენალტების სერიაში

U16

4 მატჩი, 4 გამარჯვება

U17 

11 მატჩი: 7 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი

U18

11 მატჩი, 6 გამარჯვება, 4 ფრე, 1 მარცხი

U19

8 მატჩი, 2 გამარჯვება, 2 ფრე, 4 მარცხი

U21

6 მატჩი, 2 გამარჯვება, 1 ფრე, 3 მარცხი

U21 | საქართველო 1:1 უკრაინა - ახალგაზრდულის წლის ბოლო მატჩი ფრედ დასრულდა

ქართული კლუბები:

რაც შეეხება საკლუბო ფეხბურთს და უშუალოდ ქართული კლუბების საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლას, ამ მიმართულებით თავის მოწონება ვერც 2022 წელს შევძელით. 4 ქართული კლუბიდან, რომელიც უეფას ტურნირებზე გამოდიოდა, პირველი ეტაპის ბარიერის დაძლევა მხოლოდ ერთმა მათგანმა, "საბურთალომ" მოახერხა, რაც შეეხება "დინამო ბათუმს", "დინამო თბილისს" და გორის "დილას" მათ როგორც უეფას ჩემპიონთა, ისე ევროპის კონფერენს ლიგაზე პირველივე ეტაპის ბარიერის დაძლევა ვერ მოახერხეს.

მთლიანობაში, 2022 წელს ქართულმა კლუბებმა უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე 12 მატჩი ჩაატარეს, 3 მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და 6-ში დამარცხდნენ.

რაც შეეხება ქვეყნის კოეფიციენტს უეფას რეიტინგში, რომელიც ყოველწლიურად ახლდება და ბოლო 5 წლის მონაცემების გათვალისწინებით დგება, 2022 წელს საქართველომ 1.125 ქულა დააგროვა და 46-დან 45-ე პოზიციაზე გადაინაცვლა.

შოკი ბათუმში: მარცხი ბოლო წამზე...

ფუტსალი:

წლის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, არა მხოლოდ საფეხბურთო სამყაროში, არამედ მთლიანად ქართულ გუნდურ სპორტში, საქართველოს ფუტსალის ნაკრები იყო, რომელმაც ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და ჯერ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა, შემდეგ კი ეს ბარიერიც დაძლია და მეოთხედფინალურ ეტაპზე ითამაშა. საბოლოო ჯამში, ნახევარფინალში მოსახვედრად ევროპის საუკეთესო 8 გუნდში მყოფ საქართველოს ნაკრებს რუსეთის ნაკრებთან განცდილმა დრამატულმა მარცხმა შეუშალა ხელი.

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვა ევროპის  ჩემპიონატზე

მსაჯები:

ქართულ ფეხბურთში 2022 წელი მნიშვნელოვანი იყო მსაჯთა მიმართულებითაც. საერთაშორისო კატეგორიის ქართველ არბიტრებს, გიორგი ყრუაშვილს, გოგა კიკაჩეიშვილს და ირაკლი კვირიკაშვილს და მათ ასისტენტებს, ლევან ვარამიშვილს, ზაზა ფიფიას, დავით გაბისონიას, გიორგი ელიკაშვილს, დავით ჩიგოგიძესა და დავით ახვლედიანს მაღალი საერთაშორისო დონის არაერთ შეხვედრაზე მოუწიათ მუშაობა, მათ შორის უეფას ევროპისა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპეზე, უეფას ერთა ლიგასა და ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე.


ქართველი ლეგიონერები:

2022 წელს არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ტიტულის მოგება მოახერხა, ლეგიონერთა შორის სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონები და თასის მფლობელები, ასევე, ისეთი გუნდების წარმომადგენლები გვყავდნენ, რომლებმაც ჩემპიონთა, ევროპისა და კონფერენს ლიგების ჯგუფურ ეტაპებზე ითამაშეს.

ტიტულები და მედლები:

  • ნიკა კვეკვესკირი (პოზნანის "ლეხი") - პოლონეთის ჩემპიონი;
  • ვაკო გვილია ("რაკუვი" ჩესტეხოვა) - პოლონეთის თასის და პოლონეთის სუპერთასის გამარჯვებული;
  • ლუკა გაგნიძე ("რაკუვი" ჩესტეხოვა) - პოლონეთის თასი;
  • რევაზ ინჯგია ("აპოლონი" ლიმასოლი) - კვიპროსის ჩემპიონი;
  • გიორგი ქვილითაია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი ("აპოელი" ნიქოზია)  - კვიპროსის ჩემპიოონატის ბრინჯაოს მედალოსნები;
  • ჯაბა კანკავა, გურამ კაშია (ბრატისლავის "სლოვანი") - სლოვაკეთის ჩემპიონი, სლოვაკეთის თასის ვერცხლის მედალოსანი;
  • ლუკა გუგეშაშვილი ("ყარაბახი") - აზერბაიჯანის ჩემპიონი, აზერბაიჯანის თასის გამარჯვებული;
  • გაგი მარგველაშვილი ("შკუპი") - ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონი;
  • ვაკო ყაზაიშვილი ("ულსან ჰიუნდაი") - სამხრეთ კორეის ჩემპიონი;
  • ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი ("ფერენცვაროში") უნგრეთის ჩემპიონები და უნგრეთის თასის გამარჯვებულები;
  • ლუკა სილაგაძე ("ვალმიერა") - ლატვიის ჩემპიონი;
  • გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია") - ესპანეთის თასის ვერცხლისმედალოსანი;
  • ოთარ კიტეიშვილი (გრაცის "შტუმრი") - ავსტრიის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი;
  • ზაქარია ბეგლარიშვილი - ესტონეთის სუპერთასის გამარჯვებული;
  • თომა ტაბატაძე ("აკჟაიკი") - ყაზახეთის თასის ვერცხლისმედალოსანი (საუკეთესო ბომბარდირი, 8 გოლი;
  • დავით ვოლკოვი ("ზირა") - აზერბაიჯანის თსის ვერცხლის და აზერბაიჯანის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი;
Football: Lech Poznań crowned Polish champions as season ends - English  Section - polskieradio.pl

უეფას ტურნირების ჯგუფური ეტაპის მონაწილეეები:

ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" (ჩემპიონთა ლიგა) - აგრძელებს გამოსვლას მერვედფინალში;

დავით ხოჭოლავას "კოპენჰაგენი" (ჩემპიონთა ლიგა);

ლუკა გუგეშაშვილიას “ყარაბახი” (ევროპა ლიგა) - აგრძელებს გამოსვლას კონფერენს ლიგის მერვედფინალში;

ირაკლი აზაროვის სერბული “ცრვენა ზვეზდა” (ევროპა ლიგა);

გიორგი ხარაიშვილის “ფერენცვაროში” (ევროპა ლიგა); - აგრძელებს გამოსვლას მერვედფინალში;

ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმი" (ევროპა ლიგა);

ნიკა კვეკვესკირის და გიორგი წიტაიშვილის პოზნანის “ლეხი” (ევროპის კონფერენს ლიგა) - აგრძელებს გამოსვლას 1/16-ფინალში.

გურამ კაშიას, ჯაბა კანკავას და გიორგი ჩაკვეტაძის ბრატისლავის “სლოვანი” (ევროპის კონფერენს ლიგა) - აგრძელებს გამოსვლას 1/8-ფინალში;

ქართველი ფეხბურთელების შეფასებები ევროპისა და კონფერენს ლიგაზე

ინდივიდუალური სტატისტიკა:

წლის საუკეთესო ქართველი ბომბარდირები - ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც 2022 წელს კლუბსა და ნაკრებში ოფიციალურ შეხვედრებში სულ მცირე 10 გოლი გაიტანეს (გოლს + საგოლე პასი:

  • ხვიჩა კვარაცხელია 22 გოლი, 16 საგოლე პასი
  • ბუდუ ზივზივაძე - 22 გოლი, 4 საგოლე პასი
  • ზაქარია ბეგლარიშვილი - 22 გოლი, 7 საგოლე პასი
  • ჯოვინო ფლამარიონი (2022 წლიდან საქართველოს მოქალაქე) - 19 გოლი, 9 საგოლე პასი
  • თომა ტაბატაძე - 14 გოლი, 13 საგოლე პასი
  • ირაკლი სიხარულიძე - 14 გოლი, 4 საგოლე პასი
  • ირაკლი რუხაძე - 13 გოლი, 2 საგოლე პასი 
  • გიორგი მიქაუტაძე - 12 გოლი 6 საგოლე პასი
  • ვაკო ყაზაიშვილი - 12 გოლი, 1 საგოლე პასი
  • ლევან კუტალია - 12 გოლი, 1 საგოლე პასი
  • იური ტაბატძე - 11 გოლი, 4 საგოლე პასი
  • მათე ვაწაძე - 11 გოლი, 2 საგოლე პასი
  • ნიკა ხორხელი - 10 გოლი, 5 საგოლე პასი
  • ზურიკო დავითაშვილი - 10 გოლი, 4 საგოლე პასი
  • გიორგი კუხიანიძე - 10 გოლი, 2 საგოლე პასი
  • გიორგი ქვილითაია - 10 გოლი, 1 საგოლე პასი
  • ბექა მიქელთაძე - 10 გოლი, 1 საგოლე პასი
  • თორნიკე კაპანაძე - 10 გოლი
kvaaaaaraaaa

ტრანსფერები:

2022 წელი სატრანსფერო მიმართულებითაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ზაფხულში არაერთი შესანიშნავი ტრანსფერი ვიხილეთ, რომელიც ქართულ ფეხბურთს დიდ წარმატებას უმზადებს, საიდანაც თქვენს ყურადღებას რამდენიმე განსაკუთრებულზე შევაჩერებთ. 

ხვიჩა კვარაცხელია - ნაპოლი

17 ოფიციალურ მატჩში 8 გატანილი გოლი და 8 საგოლე პასი, იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების აღმატებითი ხარისხის შეფასება და კომპლიმენტები, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთის გარშემო გაერთიანებული ქართველი ერი, წლის ბოლოს იტალიის სერია A-ს ლიდერობა და უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში გასვლა, ეროვნულ გუნდში 10 გოლის გატანა და იმ გუნდის და ქალაქის ლიდერობა, რომელშიც დიეგო არმანდო მარადონა მეფობს, სრული ჩამონათვალი არაა იმ ყველაფრისა, რაც ქართული და აწ უკვე მსოფლიო ფეხბურთის 21 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა 2022 წელს მოახერხა.

უამრავი განსხვავებული მოსაზრების, წინასწარი ვარაუდებისა და ნეგატიური განწყობის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების ლიდერმა, კრიტიკოსების დაძინება ძალიან მალე, თანაც სავარაუდოდ დიდი ხნით მოახერხა.

Napoli new man Kvaratskhelia stars in win | The Advertiser - Cessnock |  Cessnock, NSW

ლუკა ლოჩოშვილი - კრემონეზე

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საქართველოს უკვე 3 წარმომადგენელი ჰყავს და გიორგი მამამრდაშვილის და ხვიჩა კვარაცხელიას შემდეგ, რიგით მესამე ფეხბურთელი, ლუკა ლოჩოშვილი გახლავთ. საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ავსტრიის "ვოლფსბერგერის" შემადგენლობაში ჩატარებული ორი სრულფასოვანი და ძლიერი სეზონის შემდეგ, 1.6 მილიონ ევროდ შემდგარი ტრანსფერის შედეგად, იტალიის სერია A-ში, კერძოდ კი "კრემონეზეში" გადაინაცვლა. 24 წლის ფეხბურთელმა, იტალიის მთავარ ლიგაში უკვე 12 მატჩი ჩაატარა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა.

ზურიკო დავითაშვილი - ბორდო

საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი უდიდესი ალბათობით, კარიერას მალე საფრანგეთის ლიგა 1-ში გააგრძელებს და პრესტიჟულ ტურნირებში მოთამაშე ქართველების რაოდენობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

"დინამო ბათუმიდან" იჯარის წესით 21 წლის ფეხბურთელის დამატებაში უდიდესი წვლილი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს მიუძღვის.

ამჟამად, ისტორიული ფრანგული გუნდი ლიგა 2-ში მეორე პოზიციას იკავებს და ლიგა 1-ში დაბრუნებას უახლოვდება.

ზურიკომ ახალი კლუბის მაისურით უკვე 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.
გიორგი მიქაუტაძე - მეცი

ზურიკო დავითაშვილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი არ გახლავთ, რომელიც საფრანგეთის ლიგა 1-ში გამოდის. მშობლიურ კლუბს გიორგი მიქაუტაძეც დაუბრუნდა, ოღონდ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ამჯერად არა დროებით, არამედ სრულფასოვანი, ძირითადი შემადგენლობის წევრის რანგში და გუნდის საუკეთესო ბომბარდირობისთვისაც იბრძვის. 

22 წლის ფეხბურთელს "მეცის" რიგებში მიმდინარე სეზონში 16 ოფიციალურ მატჩში 8 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს, რაც თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელია.

შოთა არველაძე - ჰალ სიტი

ამ შემთხვევაში მწვრთნელებზეც უნდა ვისაუბროთ. საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის "ჰალ სიტიში" მოღვაწეობა არც ისე ხანგრძლივი გამოდგა, თუმცა სათქმელი და მნიშვნელოვანია, რომ ამ დონეზე ქართველ მწვრთნელს დიდი ხანია არ უმუშავია. 

თემურ ქეცბაია - კვიპროსის ნაკრები

თემურ ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა და საქართველოს შემდეგ, უკვე მეორე ეროვნულ გუნდს ჩაუდგა სათავეში.

თემურ ქეცბაია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ახალი გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში წარდგება და ეს 2023 წელს მოხდება, როცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში საქართველოს დაუპირისპირდება.

Zuriko Davitashvili renforce les Girondins | Girondins.com

რას უნდა ველოდოთ 2023 წელს?

2023 წელს, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე და რა თქმა უნდა, ქართველი ლეგიონერებისგან, რომლებიც ევროპის წამყვან ჩემპიონატებში თავს ეტაპობრივად, მაგრამ, წარმატებით იმკვიდრებენ, ბევრ სასიამოვნო სიახლეს ველოდებით, მაგრამ მთავარ აქცენტს ეროვნულ გუნდსა და 21-წლამდელთა ნაკრებზე ვაკეთებთ.

ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს დაიწყებს და ტურნირზე მოხვედრას ამ გზითაც შეეცდება. რაც შეეხება საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს, მათ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მასპინძლის რანგში უნდა მიიღონ მონაწილეობა და ქვეყანა ახალგაზრდულ ფეხბურთში ერთ-ერთ უდიდეს ტურნირზე წარმოადგინონ.

ნიდერლანდების, პორტუგალიისა და ბელგიის ნაკრებებთან ერთად ჯგუფში ყოფნა მარტივი საქმე ნამდვილად არ არის, თუმცა იმედი გვაქვს, იმ ამომავალ ვარსკვლავებთან ერთად, რომლებსაც ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა აქვთ, ქართული ფეხბურთის ახალი ოქროს თაობა 2023 წლიდან დიდი წარმატების დასაწყისს შექმნის.

Under-21 | UEFA.com

სხვა სტატიები