Belive

"პრემიერ ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, სკუდეტო და კვარაცხელია" - ოსიმენის გულწრფელი ინტერვიუ

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

ნეაპოლიტანური კლუბის ნიგერიელი ვარსკვლავი - ვიქტორ ოსიმენი, შეიძლება ითქვას, რომ კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს და ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად, "ნაპოლის" ნანატრი სკუდეტოს მოპოვებაში ეხმარება.

"პარტენოპეი" სერია A-ს 18-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ლუჩიანო სპალეტის გუნდის ბრწყინვალე სათამაშო ფორმას თუ გავითვალისწინებთ, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ კვარაცხელია და კომპანია ნეაპოლის ქუჩებში საჩემპიონო მსვლელობას მოაწყობენ.

"ნაპოლის" ბრწყინვალე სეზონს რამდენიმე შემოქმედი ჰყავს. გმირებს შორის კი ორი განსაკუთრებით გამორჩეულია - ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი, ტრიუმფისაკენ მიმავალ გზაზე, მთავარ მეგზურებად მოგვევლინნენ.

Corriere della Sera ვიქტორ ოსიმენთან ჩაწერილ ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, რომელშიც ნიგერიელი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელიას, სკუდეტოს, ჩემპიონთა ლიგისა და გუნდში არსებული ვითარების შესახებ საუბრობს.



"ჩვენ საჩემპიონო ბრძოლაში ვართ და ყველაფერი წინაა. დიახ, მე ყველაფრის მოგება მსურს - ჩვენ ყველაფერი გვინდა. ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე, რომ მივაღწიოთ წარმატებას, რომელიც დავიმსახურეთ. უდიდეს მსხვერპლს ვიღებთ და შეიძლება ითქვას, რომ წარმატებისთვის ყველაფერს ვწირავთ. თითქმის მივაღწიეთ მწვერვალს. მიუხედავად ამისა, იტალიასა და ევროპაში ჩვენი მენტალიტეტი უცვლელია: გავამხნევოთ ჩვენი თავი და გავიმარჯვოთ.

ერთმანეთზე მუდამ ვზრუნავთ. ნებისმიერი ამხნევებს მის გვერდით მყოფს და თუ ვინმე რთულ სიტუაციაში იმყოფება, ყოველთის მზად ვართ მის დასახმარებლად. გუნდში უსაზღვრო სოლიდარობაა - რთულია ამ ყველაფრის ახსნა მათთვის, ვისაც ეს არ გამოუცდია. როდესაც ამ ყველაფრის გჯერა, უფრო ძლიერდები - შენ იმარჯვებ, როდესაც ხარ ძლიერი. გვყავს მწვრთნელი, რომელიც გუნდის ტვინს განასახიერებს. თუ ოდესმე მწვრთნელი გავხდები მინდა, რომ მისი მსგავსი ვიყო.

კვარაცხელიას მიმართ დანახვისთანავე ემპათია გამიჩნდა. ის ძალიან ძლიერია და ამასთანავე კვარა ოქროს ბიჭია. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

ყველა ფეხბურთელს აქვს პრემიერ ლიგაში თამაშის ამბიცია და ოცნება. ვინ იცის, იქნებ ერთ დღეს მეც ვითამაშო… ამ წუთას, გარწმუნებთ, რომ ამაზე ფიქრი აზრადაც არ გამივლია თავში. მხოლოდ "ნაპოლიზე" და ამ ბრწყინვალე სეზონვე ვარ კონცენტრირებული", - ვიქტორ ოსიმენი.

სხვა სტატიები