Belive

"იმედი მაქვს, კვარა მიხვდება, რომ მისგან კიდევ ბევრ გოლს და პასებს ველით" - ანტონიო კონტე

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-4 ტურის შეხვედრაში "ნაპოლი" "კალიარის" ესტუმრა და ხვიჩა კვარაცხელიას გუნდმა 0:4 გაიმარჯვა. ქართველმა ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც გააკეთა. პირველი გოლი მე-18 წუთზე რომელუ ლუკაკუს გადაცემის შემდეგ ჯოვანი დი ლორენცომ გაიტანა, ბელგიელი ფეხბურთელი მეორე გოლის მომენტშიც ფიგურირებდა, ამჯერად მან 66-ე წუთზე ასისტი კვარაზე გააკეთა და ქართველმა მომენტი შესანიშნავად დააგვირგვინა. 70-ე წუთზე უკვე ხვიჩა კვარაცხელიამ გაუკეთა საგოლე გადაცემა რომელუ ლუკაკუს და მანაც მომენტი გოლით დაასრულა. 90+3-ე წუთზე მატჩში საბოლოო წერტილი დავიდ ნერეშის ასისტის შემდეგ ალესანდრო ბონჯორნომ დასვა.

მატჩის შემდეგ ანტონიო კონტემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და ქართველ ფეხბურთელზეც გაამახვილა ყურადღება:

"კალიარი" ძალიან რთული ადგილია სათამაშოდ, მოედანი ძალიან მშრალი იყო და ამას ემატებოდა ქარიც, ამიტომ ბურთი მიმართულებას ხშირად იცვლიდა ხოლმე. ჩვენ კარგად დავიწყეთ, ფეიერვერკებისა და ნასროლი საგნების გამო მატჩის მიმდინარეობა შეფერხდა, შემდეგ კი მეორე ტაიმში დავინახეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა უკეთესად. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ გაუმჯობესება დუელებში მთელ მოედანზე, ვიყოთ კონცენტრირებულები, რადგან ეს არის ის, რაც სერია A-ში ყველაზე მეტად არის საჭირო.

ყოველთვის ვამბობდი, რომ რომელუ "ინტერში" მინდოდა, "მანჩესტერ იუნაიტედში" წასვლამდე "ჩელსიშიც" ვითხოვდი, რადგან ის არის ძალიან მაღალი და ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელი, მას აქვს ასევე ძალიან კარგი სპრინტი. ის ჯერ კიდევ არ არის ოპტიმალურ ფორმაში, მაგრამ ვხედავ რომ ის გუნდის ფუნდამენტური მოთამაშე ხდება. ის ძალისხმევას არ იშურებს და ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა.

იმედი მაქვს, კვარა მიხვდება, რომ მისგან კიდევ ბევრ გოლს და პასებს ველით. მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაში სრულად არ შეესაბამებოდა მის მახასიათებლებს, მე მასში დიდი ძალისხმევა დავინახე, ისევე როგორც მატეო პოლიტანოში

გასული სეზონისგან განსხვავებით, რაღაცის შეცვლა მენტალიტეტს უფრო ეხებოდა, ვიდრე ორგანიზაციას და ტაქტიკას. ჩვენ დღეს უკეთესად ვითამაშეთ და ამან მიგვიყვანა ერთ-ერთ დასახულ მიზანთან, ამიტომ რაღაცები უმჯობესდება, მაგრამ მსგავსი მენტალიტეტის ჩამოყალიბება ადვილი არ არის.

პირველი მატჩის შემდეგ გუნდს გარკვეულ რაღაცებზე ვესაუბრე და ვიცოდი, რომ ფეხბურთელებს ესმოდათ და მუშაობდნენ თავიანთ მონდომებაზე, სიბრაზეზე და სისასტიკეზე, დღეს ჩვენ ეს ყველაფერი დავინახეთ, რადგან ვიბრძოდით, რომ კარი მშრალად შეგვენახა. რა თქმა უნდა გაუმჯობესება გუნდში უკვე იგრძნობა.

ტრანსფერებს რაც შეეხება, სატრანსფერო ფანჯარა გვიან დაიხურა და ჯერ კიდევ ვცდილობთ, რომ თითოეული მათგანის ფიზიკური მზადყოფნის შესახებ გავიგოთ.

ჩვენ ბოლო ორთვენახევრის განმავლობაში ბევრი ვიმუშავეთ და წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. - ანტონიო კონტე - "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი

სერია A-ს ცხრილში "ნაპოლი" 4 ტურის შემდეგ 9 ქულით (3 მოგება და 1 მარცხი) პირველ პოზიციაზეა, შემდეგ შეხვედრას ნეაპოლელები "იუვენტუსის" წინააღმდეგ ჩაატარებენ, მატჩი 21 სექტემბერს გაიმართება.

ქართველ ფეხბურთელს კი მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს.

სხვა სტატიები