Belive

სპალეტიმ იუვენტუსის კაპიტანი საჯაროდ გააკრიტიკა

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მეშვიდე ტურში, ჯენარო გატუზო ნამდვილ ვარსკვლავად იქცა: მან საუკეთესო ლაციო შექმნა - სტუმრად იუვენტუსს 0:3 სძლია და ეს ის შედეგია, რომელიც 1995 წლის შემდეგ არავის უნახავს. ლაციო, ინტერთან ერთად, ცხრილის სათავეში მოექცა. კლუბის ისტორიაში, პირველი შვიდი ტურის შემდეგ საუკეთესო ქულათა მარაგი დააგროვა და ჯენარო გახდა ერთადერთი მწვრთნელი (ლაციოში), რომელმაც პირველი შვიდიდან ექვსი მატჩი მოიგო.

იუვენტუსის ბანაკში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა: მწვრთნელსა და კაპიტანს შორის ურთიერთობა საჯაროდ გაირჩა. მოედანზე ერთ-ერთი ყველაზე სუსტი მოთამაშე, თუმცა გასახდელის უდავო ლიდერი, ბრაზილიელი მცველი და კაპიტანი, გლეისონ ბრემერი განრისხებული იყო:

მწვრთნელი მითითებებს იძლევა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოედანზე ჩვენ გავდივართ.

მოედანზე 11 მოთამაშე და ხუთი სათადარიგოა. ყველას ზურგით ვერ ვატარებ. შემიძლია ვილაპარაკო და ხელი შევუწყო, მაგრამ ყველას საკუთარი ხასიათი აქვს და ჩემი შესაძლებლობებიც შეზღუდულია. ზოგს მეტი ხასიათი აქვს, ზოგს - ნაკლები, ზოგი ტრიბუნების სტვენას ისმენს და შესაძლოა, შეშინდეს კიდეც. თუ ამ ყველაფერს რამდენიმე წლის წინანდელ იუვენტუსს შევადარებთ, სხვაობა დიდია და ეს ტვირთად გვაწევს.

ვგულისხმობ თუ არა იმას, რომ ჩემ გვერდით ვიღაცას ხასიათი აკლია? დიახ, დიახ, ზუსტად ეს ვთქვი, მაგრამ ბიჭებისკენ თითის გაშვერას არ ვაპირებ, ყველას საკუთარი ხასიათი აქვს. თანაც, გუნდში ბევრი ახალი ფეხბურთელია და ზოგიერთი, როცა საქმე ცუდად მიდის, ოდნავ იმალება კიდეც. - განაცხადა კაპიტანმა

რამდენიმე წუთის შემდეგ, ლუჩიანო სპალეტი Sky-ს ეთერში გამოჩნდა და ტურინული გუნდის ფეხბურთელის მწვავე სიტყვები მოისმინა. მან ასე უპასუხა:

ბრემერი ამბობს, რომ არიან ისეთები, ვინც სტვენის დროს იმალებიან? ბრემერმა პასუხი საკუთარ თავზე უნდა აგოს და კარგი იქნება, თუ ამაზე დაფიქრდება. სანამ გუნდზე ვისაუბრებთ, ჯერ საკუთარ თავზე, როგორც ინდივიდებზე უნდა ვილაპარაკოთ. იმის შეფასებამდე, თუ როგორ მივედით ამ მატჩამდე, ჯერ საკუთარ თავს უნდა დავუსვა კითხვები და პასუხებიც ვიპოვო.

სხვა რამეებზე გადაბრალება ძალიან იოლი იქნებოდა. შეუძლია თუ არა ბრემერის სიტყვებს სიტუაციის შეცვლა? ღმერთმა ქნას, კი, მაგრამ იგივეს თქმა მეც შემიძლია. მიუხედავად ამისა, ბრემერი ნაჩვენები თამაშის პასუხისმგებლობისგან თავისუფალი არ არის. ისიც ყელამდეა ამ ყველაფერში გახვეული.

არავის შეუნარჩუნებია სახე ისე, რომ სხვებზე საუბრის უფლება ჰქონდეს. მიხარია, რომ კაპიტანი მოვიდა, საჯაროდ ისაუბრა და პასუხისმგებლობა იკისრა, მაგრამ ობიექტური შეფასება აუცილებელია. - განაცხადა სპალეტიმ ბრემერის საპასუხოდ

იუვენტუსის ამ სიტუაციას, შესაძლოა, ხელმძღვანელობის მხრიდან, რადიკალური ცვლილებები მოჰყვეს. გარდა იმისა, რომ გასახდელში აშკარად არეულობაა, შედეგებიც შემაშფოთებელია - იუვენტუსს, 7 ტურის შემდეგ, მხოლოდ 11 ქულა აქვს და მერვე პოზიციაზეა.