Belive

პარი სენ-ჟერმენის მთავარი სამიზნე ზამთარში ნიკო უილიამსია

23 წუთის წინ ფეხბურთი
2 წთ

ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად „პარი სენ-ჟერმენის“ შეტევის ხაზში, ტრავმების გამო, ვითარება სულ უფრო იძაბება. დეზირე დუესა და ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის მძიმე ტრავმებმა, უსმან დემბელესთან დაკავშირებულ საკადრო სირთულეებთან ერთად, პარიზულ კლუბს იანვარში შემტევი რესურსის შევსებაზე სერიოზულად დააფიქრა.

პარიზელთა მოკლე სიაში რამდენიმე საინტერესო სახელი ფიგურირებს. პრიორიტეტად „ლაიფციგის“ გარემარბი ანტონიო ნუსა სახელდება, თუმცა ყურადღების მიღმა არც სხვა ახალგაზრდა შემტევები რჩებიან: მაგალითად, „რეალ ბეტისის“ აბდე, „ბენფიკას“ ჯანლუკა პრესტიანი და „ჩელსის“ ესტევაო. ამას გარდა, პრესაში ლუის დიასისა და „ატლეტიკოს“ თავდამსხმელის, ხულიან ალვარესის ვარიანტებსაც განიხილავენ.

მიუხედავად ამ ფართო ჩამონათვალისა, პსჟ-ის ინტერესის მთავარ წერტილად კვლავ „ატლეტიკ ბილბაოს“ ვინგერი, ნიკო უილიამსი რჩება. ფინანსური მხარე პარიზელებისთვის გადაულახავ ბარიერს არ წარმოადგენს. 2025 წლის 4 ივლისს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, რომელიც 2035 წლის ზაფხულამდეა ძალაში, უილიამსის გამოსასყიდი თანხა 50 პროცენტზე მეტით გაიზარდა, თუმცა მაინც 100 მილიონ ევროზე ნაკლებია.

მთავარი პრობლემა ფინანსები არ არის, ნიკო უილიამსს არაერთხელ უთქვამს, რომ მისთვის ბილბაოში დარჩენა ევროპული გრანდების მიმზიდველ შეთავაზებებზე წინ დგას - ასე მოხდა 2025 წლის ზაფხულშიც, როდესაც „ბარსელონაში“ გადასვლის რეალური შანსის მიუხედავად, მშობლიური კლუბის ერთგული დარჩა. ათწლიანი ხელშეკრულებაც ამ არჩევანის კიდევ ერთი დასტურია.

სხვა სტატიები