"კვარას და დუეს გარეშე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაჭირდება" - ჟერომ როტენი
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-11 ტურის შეხვედრაში პარი სენ-ჟერმენმა სტუმრად ნიცა 2:3 დაამარცხა.
მატჩში პარიზული კლუბისთვის მორიგი სამწუხარო ამბავი მოხდა: კერძოდ, პირველ ტაიმში დეზირე დუემ ტრავმა მიიღო - ისეთივე, როგორიც რამდენიმე კვირის წინ ხვიჩა კვარაცხელიამ (მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგების გაწყვეტა) - და დიდი ხნით ისიც გუნდს ვერ დაეხმარება.
განვითარებული მოვლენის შემდეგ, ჟერომ როტენმა, რომელიც ფრანგი ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო, ამჟამად კი RMC-ის ცნობილი ფრანგი სპორტული ჟურნალისტი და რადიოწამყვანია, აღნიშნული ვითარება შეაჯამა და პარი სენ-ჟერმენის შანსებზე ისაუბრა:
ძალიან მძიმეა ამ ყველაფერთან გამკლავება მას შემდეგ, რაც რამდენიმე კვირის წინ კვარა დაკარგეს. ისინი პსჟ-ს ბოლო ორი მოგებული ჩემპიონთა ლიგის საკვანძო ფიგურები იყვნენ. ეს საქმეს ართულებს. უკვე ვფიქრობდი, რომ კვარას ტრავმა წელს მესამე ვარსკვლავის მოსაპოვებლად სერიოზული დაბრკოლება იქნებოდა, თუმცა, გუნდმა გამოსავალი იპოვა და ბოლო მატჩებში მარცხენა ფლანგზე დეზირე დუე ათამაშა, რამაც კარგად იმუშავა. ვფიქრობდი: „რატომაც არა? გუნდი ძლიერია, ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურობა და თავდაჯერებულობა აქვთ“. მაგრამ ახლა, დეზირე დუეს გარეშე, ორი შეუცვლელი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი დააკლდათ, რომელთა გარეშეც ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაჭირდება. - ჟერომ როტენი
აფერხებს თუ არა ეს პსჟ-ს ამბიციებს?
ჩემპიონთა ლიგაზე, დიახ, აბსოლუტურად. თუ ყველა მოთამაშემ თავისი მაქსიმუმი არ აჩვენა, გაჭირდება იმაზე ძლიერი ყოფნა, ვიდრე გასულ წელს ან 2 წლის წინ. მიკა გოდტსს, მაგნეს აკლიუშსა და ფერან ტორესს უზარმაზარი ნიჭი აქვთ, მათ შეუძლიათ ხარვეზის შევსება, მაგრამ ისინი ბევრად ჩამოუვარდებიან ორ ტრავმირებულ ლიდერს.
ბაიერნშიც არიან დაშავებულები, მაგრამ იქ სიტუაცია ასეთი მძიმე არ არის და ჰარი კეინიც შეიძლება მალე დაბრუნდეს - დაახლოებით ისე, როგორც პსჟ-მ გაიარა გასულ წელს უსმან დემბელეს ტრავმები, რამაც საბოლოოდ მეორე ჩემპიონთა ლიგის მოგებაშიც კი დაეხმარა. - ჟერომ როტენი
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფეხბურთელების დამატება....
ლიგა 1-ის მოსაგებად ახალი ფეხბურთელები არ დაგჭირდებათ. ჩემპიონთა ლიგისთვის კი იმით უნდა ითამაშო, რაც გყავს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უზარმაზარი შანსი გეძლევა. ეს პრაქტიკულად შეუსრულებელი მისიაა, მაგრამ ნიკო პასი, რომელიც კომოში ნომერ ათიანადაც თამაშობს და სხვა პოზიციებზეც, კარგი ვარიანტი იქნებოდა და ადაპტაციის პრობლემაც არ ექნებოდა. თუმცა, ის ძალიან ძვირი ღირს, კომო კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასასვლელად და იტალიაში ტიტულისთვის იბრძვის. არ ვარ დარწმუნებული, რომ მისი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში გადმოყვანა შესაძლებელია. კრუპი? მაზა? კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ შეძლებენ იმაზე უკეთესად თამაშს, ვიდრე მიკა გოდტსი, მაგნეს აკლიუში და ფერან ტორესია? ტრანსფერები მხოლოდ ტრანსფერისთვის არ უნდა აკეთო. - ჟერომ როტენი
🔴🔵 Le PSG doit-il recruter au mercato d'hiver ? @RothenJerome: "C'est compliqué. Pour gagner la L1, ce ne sera pas nécessaire. Pour aller chercher la 3e étoile, qu'ils fassent avec ce qu'ils ont. Selon moi, Nico Paz est le seul qui pourrait convenir, mais c'est très cher" pic.twitter.com/0rRcumgoWP
— Rothen s'enflamme (@Rothensenflamme) November 23, 2026