Belive

მოსაზრება: კვარაცხელია საუკეთესო გუნდში ითამაშებს

2 წლის წინ ფეხბურთი
8 წთ
ნეაპოლს უყვარს ფეხბურთი. ნეაპოლს უყვარს პირადი ღმერთი - დიეგო მარადონა. ნეაპოლი ფეხბურთით ცხოვრობს და ამიტომაც, "ნაპოლი" უბრალო გუნდი არაა - ეს ნეაპოლის იდენტობა და მისი სულის ნაწილია. სწორედ ამ ქალაქში, ფეხბურთით იცხოვრებს ხვიჩა კვარაცხელია.  "ნაპოლიში" ტრანსფერამდე, ბევრს ვფიქრობდი - რომელი კლუბი შეიძლებოდა გამხდარიყო კვარაცხელიასთვის საუკეთესო ტრამპლინი? თავში ორი სიტყვა - "აიაქსი" და "დორტმუნდი" მიტრიალებდა: შემტევითი, შემოქმედებითი სტილის გუნდებია, სადაც კვარას სტილის მოთამაშეები თავს კარგად გრძნობენ, ტალანტები სუპერვარსკვლავებად ყალიბდებიან... სერია A-ს კლუბები არც გამხსენებია. ხშირად ვამბობთ, რომ იტალიელები დაცვითი სტილის მოყვარულები არიან და ეს მოსაზრება უკვე მართლაც სტერეოტიპად იქცა. თუმცა როდესაც "ნაპოლის" ინტერესის შესახებ ინფორმაცია გავიგე, გონებაში ყველაფერი დალაგდა.

ნეაპოლი - ქალაქი, რომელიც ფეხბურთით ცხოვრობს

ნეაპოლისთვის, ფეხბურთი რელიგიაა. საფეხბურთო მატჩი ლიტურგიას წააგავს, ქომაგები საუკეთესოებს ღმერთებად აქცევენ. სიღარიბეში ჩაფლული სახრეთული ქალაქის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა ის ემოციაა, რომელსაც "ნაპოლის" ქომაგი სტადიონზე იღებს. მათთვის, ფეხბურთი იმ ბრძოლის ნაწილიცაა, რომელსაც უთანასწორო ცხოვრებაში გადიან. იმასაც ამბობენ, მარადონასადმი სიყვარული იმანაც განაპირობა, რომ ჩრდილოეთის მდიდარ კლუბებს ამწარებდაო.
“მარადონას ნაპოლის ქომაგებთან ურთიერთობა ფეხბურთს მიღმაც აკავშირებდა. უპირისპირდებოდა მაღალ კლასებს და ამბობდა, რომ ბუენოს აირესის ღარიბ უბნებში გაზრდილს, ნეაპოლის პრობლემების ზუსტად გაგება შეეძლო. ყველამ იცის, რომ “იუვესა” და “ნაპოლის” შორის დაპირისპირება არსებობს, მაგრამ ეს მხოლოდ მოედანზე ბრძოლა არაა: თამაში ასახავს მდიდარი, ბიზნესის მართვაზე ორიენტირებული საზოგადოებისა და სამხრეთელი, ღარიბი, მიგრანტი მოსახლეობის დაპირისპირებას. ყოველთვის, როდესაც სამუშაოდ იტალიის ჩრდილოეთში მივდიოდით, ჩვენ ჩაგვრის ობიექტი ვხდებოდით. და წარმოიდგინეთ მომენტი, როდესაც მარადონამ “ნაპოლის” “სკუდეტო” მოაგებინა, მან ქალაქს სიამაყის შეგრძნება დაუბრუნა. ამიტომაც, ის არის ადამიანი და არა ფეხბურთელი", - ამბობს ქალაქის “სტრიტ-არტის” ერთ-ერთი შემოქმედი, ჯორიტი.

დიახ, ნეაპოლი მარადონაზე აფანატებს. ქალაქში შეხვდებით გრაფიტებს, წარწერით D10S Umano (ღმერთკაცი). ან როგორ არ შეიყვარებდით ისეთ ფეხბურთელს, რომელიც, ფორმის პიკზე მყოფი, ნეაპოლის უღარიბეს გარეუბანში წავიდა და საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა. მარადონამ პატარა ბავშვისთვის ითამაშა, რომელსაც ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროებოდა. ასეთი რამ ბევრს გაუკეთებია?  ამიტომაც იყო - დიეგოს გარდაცვალებას ქალაქი ისევე გლოვობდა, როგორც დედა, უდროოდ დაღუპულ შვილს. მარადონა “ნაპოლის,” ნეაპოლისა და ადგილობრივი მოსახლეობის მეგობარი, სახე და განუყრელი ნაწილი იყო.
როდესაც ამ ტალახის კადრებს ვუყურებდი, ერთგვარი ასოციაცია გამიჩნდა: უბანში, ასფალტზე გაგორებული ფეხბურთი ისეთივე ესთეტიკურია, როგორც კოპაკაბანას პლიაჟზე ბრაზილიელთა ჟონგლიორობა. მათ ერთი რამ აერთიანებთ - ფეხბურთისადმი სიყვარული, სურვილი, რომ ყველაფერს მოწყდე და ცოტა ხნით, სხვა ემოციით იცხოვრო. დახარჯო ენერგია, დაღვარო ოფლი, მიხვდე მექოტის მოძრაობას, ძლიერად დაარტყა ბურთს, ჩაარტყა საძულველ მეტოქეს, ტექნიკური მოძრაობით აღაფრთოვანო მეგობრები და ა.შ. ასეთ "უბნის ფეხბურთს" დღეს უფრო და უფრო იშვიათად ვხედავთ, მაგრამ YouTube-ზე ხშირად წააყდებით ვიდეოებს, სადაც ვხედავთ, რომ ნეაპოლში, საღამოს, ხალხი ქუჩაში გამოდის და უბრალოდ, ფეხბურთს თამაშობს. ეს ხომ ცალკე ესთეტიკაა?
ნეაპოლს უყვარს არამატო გუნდის, არამედ ქალაქის ქომაგი ფეხბურთელები. ამიტომაც შეიძულა ნეაპოლმა გონსალო იგუაინი, რომელსაც "იუვენტუსში" გადაბარგების გამო, დღეს "მოღალატეს" უწოდებენ. სამაგიეროდ, გაცილებით მეტი პატივი ერგო გაცილებისას თვალცრემლიან ესეკიელ ლავეცის, რომელმაც "ნაპოლი" სერია B-დან ამოიყვანა და სწორედ ტურინის "იუვენტუსთან", ფინალში, გუნდს კოპა იტალიას ტიტული მოუპოვა. საოცარია, რომ ხვიჩა კვარაცხელია ამ საფეხბურთო ქაოსის წევრი ხდება. ქაოსი არა ნეგატიური დატვირთვით, არამედ პირიქით - ქალაქი, რომელმაც ლორენსო ინსინიე შეიყვარა, ახლა ამბობს, რომ ინსინიეს ღირსეული შემცვლელი გამოჩნდა. ადგილობრივები ჯერჯერობით მის სახელს ზუსტად ვერ ამბობენ კჰვიჩა კვა..რა..შშელია... ალბათ ჯობს, მათთვის იყოს "კვარა" - ამით ქომაგს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება.
kvichA

ხვიჩა კვარაცხელია - განსხვავებული ტალანტი 

ქართველი გულშემატკივარი მარცხსა და იმედგაცრუებას იმდენად შეეჩვია, რომ იმედის გასაღვივებლად, მისთვის მცირედი გამონათებითებაც კი საკმარისია. ბოლო ათწლეულებში, ტალანტად თუ ვუნდერკინდად ბევრი ფეხბურთელი დაუმსახურებლად, უსამართლოდ მოვნათლეთ. კი, მათ შორის იყვნენ გამორჩეულებიც, უიღბლოებიც, გართობის მოყვარულებიც, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, ვხვდები, კვარაცხელია მათგან განსხვავებული ფეხბურთელია. ყველაზე მეტად, კვარაცხელიაში გაბედულება მომწონს, არცერთ მეტოქეს რომ არ უშინდება: მზადაა, ყველა მოატყუოს, პასი რთულ მონაკვეთში გააძვრინოს, დაარტყას იმ წერტილიდან, საიდანაც დარტყმას არავინ ელოდება. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ ეს ყველაფერი გამოსდის და ჯერჯერობით, მას ყველაზე ხშირად არა დაბურულშუშებიან ჯიპებში, ღამის კლუბებში, სატელევიზიო შოუებსა თუ ტიკტოკის ტრენდებში, არამედ სავარჯიშო მოედანზე ვხედავთ. ეს არ ნიშნავს ორ რამეს:
  1. რომ კვარას უზარმაზარი ტვირთი უნდა ავკიდოთ და სიზიფეს მსგავსად, მთელი ცხოვრება ლოდი ვაგორებინოთ. ვაცადოთ პროგრესირება. მთელი ქვეყანა მისგან ყოველდღე მხოლოდ საუკეთესოს არ უნდა ველოდოთ. გვახსოვდეს, რომ ტალანტთან ერთად, ის ჩვეულებრივი ადამიანია, რომელმაც შესაძლოა, ჯერ ბონუჩის დონის მცველი ათრიოს, შემდეგ კი ცარიელ კარებში ბურთს ფეხი ააცილოს. და საერთოდაც, ჯერ ფეხბურთი ითამაშოს და "ცეკვავენ ვარსკვლავებში" მერე მივიწვიოთ.
  2. ხვიჩა ხელშეუხებელი არ არის. ობიექტური კრიტიკა პროგრესის განუყრელი ნაწილია და ეს ყველამ გავითვალისწინოთ, მათ შორის, კვარამაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საჭიროა კრიტიკა და არა ფეხქვეშ გათელვა და სამუდამოდ ზურგის შექცევა. კრიტიკა და წნეხი მას იტალიაში ისედაც არ მოაკლდება და ვნახოთ, როგორ ჩააბარებს გამოცდას საუკეთესო ტალანტი, რომელმაც პირველი ეტაპი უკვე წარმატებით გადალახა.

ზემოთ ჩამოთვლილი და კიდევ ბევრი აქ დაუსახელებელი ფაქტორის გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ ხვიჩა კვარაცხელია მისთვის საუკეთესო გუნდში ითამაშებს. "ნაპოლის" მსგავსი კლუბი მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა. რაც მთავარია, დიდი გაურკვევლობების მმოსცილდა რუსულ ჭაობს და იმედია, მალე რუსულ სიმღერებზე მეტად იტალიურს შეიყვარებს. სიამოვნებით დაველოდები იმ დღეებს, როდესაც მის შესახებ სტატიას Goal.com დაწერს, როდესაც Bleacher-ი ორიგინალურ ვიზუალს შემოგვთავაზებს და როდესაც პირველად გავრცელდება ჭორი, რომ კვარაცხელიას შეძენით ევროპული ფეხბურთის გრანდი დაინტერესდა. მანამდე, ჩვენ, გულშემატკივრებს, ჩვენი წილი ბალანსი გვექნება დასაცველი. დაველოდოთ, ვუგულშემატკივროთ და თუ საჭირო იქნება, ვაკრიტიკოთ კიდეც. Ave Khvicha!

სხვა სტატიები