მოჯი: "ოსიმენი მთავარი ფიგურაა - ნიგერიელის გარეშე ნაპოლი უბრალოდ კარგი გუნდია"
ტურინის "იუვენტუსის" ყოფილმა პრეზიდენტმა და ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა იტალიელმა საფეხბურთო ფიგურამ, ლუჩიანო მოჯიმ იტალიის სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, "მილანთან" "ნაპოლის" მარცხის (0:4) შემდეგ, ნეაპოლური გუნდის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მათი მთავარი წამყვანი ძალა ვიქტორ ოსიმენია.
"გარდა იმისა, რომ, მის ბალანსზე 21 გატანილი გოლია, ნიგერიელი ამჟამად არაპროგნოზირებადობის განსახიერებაა და სწორედ ესაა "ნაპოლის" მთავარი სიძლიერე.
მხოლოდ ის ფაქტიც კი, რომ ის მოედანზეა, მეტოქე გუნდს შიშს ჰგვრის. მისი მოედანზე ყოფნა აიძულებს მეტოქე გუნდის მცველებს რომ გუნდურად ითამაშონ - თავდამსხმელის შეჩერებას ერთბაშად 2-3 მცველი ცდილობს.
როცა თანაგუნდელები მისი მიმართულებით მაღალ ბურთს გზავნიან, მან რაღაცნაირად იცის თუ როგორ დაიმორჩილოს და შეინარჩუნოს ის. თუ ფლანგებიდან მისკენ მაღალი ჩაწოდება იგზავნება, სიმაღლის გამო ის აქაც შეუჩერებელია. როცა მის ფეხებში ბურთია, მეტოქეები საგიჟეთში გასაგზავნები ხდებიან, ეს კი ათავისუფლებს დერეფანს ხვიჩა კვარაცხელიასთვის თავისი მხიარული მოძრაობებით, რომელსაც თუ გოლი არ გააქვს, პანიკის დათესვას მაინც ახერხებს. "მილანთან" წაგების მიზეზიც ესაა, რომ ქართველმა ტანმაღალი ფორვარდის მეწყვილეობა დაკარგა.
როცა ნიგერიელი არ თამაშობს, გუნდიც განსხვავებულად გამოიყურება. როცა ის მოედანზეა და თან კარგ ფორმაში იმყოფება "ნაპოლი" დაუმარცხებელია, მისი არყოფნის დროს კი "ნაპოლი" უბრალოდ კარგი გუნდი ხდება და მეტოქეები ამით სარგებლობენ.
ნეაპოლელთა ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი, ვინც რეალურად ქმნის განსხვავებას, არის ვიქტორ ოსიმენი. როცა ის მოედანზე არაა, გუნდი იტანჯება.
"ნაპოლის" ფეხბურთელებმა ჩემთან აღიარეს: მათ მითხრეს, რომ ოსიმენთან ერთად თავს უფრო დაცულად გრძნობენ, რადგან მან იცის როგორ შექმნას საგოლე მომენტები. უბრალოდ გადააგდე ბურთი წინ, შემდეგ კი საქმეს ის მიხედავს", - თქვა ლუჩიანო მოჯიმ.
28 ტურის შემდეგ დაგროვებული 71 ქულით “ნაპოლი” სერია A-ს ერთპიროვნულად და უახლოეს მდევარ “ლაციოსთან” 16-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.