მაკტომინეიმ ლეგენდარული გასკოინის 30-წლიანი რეკორდი გააუმჯობესა
პოლ გასკოინი ბრიტანელი ფეხბურთელების ახალ ტალღაში, რომელთაც პროფესიონალური კარიერის გასაგრძელებლად, 1990-იანი წლების დასაწყისში იტალიას მიაშურეს, ერთ-ერთი პიონერი გახლდათ. გაზამ "ლაციოს" მაისური მოირგო და რომაული კლუბისთვის 6 გოლიც გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ გასკოინის მიერ დამყარებული რეკორდი 30 წლის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო. მანამ, სანამ ამ ზაფხულს სკოტ მაკტომინეი "ნაპოლის" არ შეუერთდა და "პარტენოპეის" საჩემპიონო ამბიციების ერთ-ერთი წამყვანი მონაწილე არ გახდა.
იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ემპოლი" მიიღო და უშანსოდ, 3:0 დაამარცხა. მოპოვებულ გამარჯვებაში ლომის წილი მიუძღვის სკოტ მაკტომინეის - ახალგაზდა შოტლანდიელმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
"ემპოლისთან" შესრულებული დუბლის შედეგად, სკოტ მაკტომინეის "ნაპოლის" მაისურით გატანილი 8 გოლი დაუგროვდა, რაც გაზკოინის 30-წლიან რეკორდს 2 გოლით აღემატება. შესაბამისად, მაკტომინეიმ იტალიაში გატანილი ყველაზე მეტი გოლის მქონე ბრიტანელი ფეხბურთელის ტიტული, დამსახურებულად გადაიბარა.
იტალიის სერია A-ს განვლილი 32 ტურის შემდეგ, პირველადგილოსან "ინტერსა" და "ნაპოლის" შორის, მხოლოდ 3 ქულაა სხვაობა.
"პარტენოპეი" ისტორიაში მეოთხე სკუდეტოსთვის იბრძვის. ჩემპიონის ორი ტიტული ნეაპოლელებმა დიეგო მარადონასა და კარეკას ეპოქაში მოიპოვეს. მესამე ტიტულს კი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის ფენომენალური დუეტის შემდეგ დაეუფლნენ.